“ვაძლიერებთ ერთმანეთს“ - ევროპის დღე თბილისში

05.05.2019

კვირას, 5 მაისს, თბილისში 15,000 ადამიანზე მეტი შეიკრიბა ევროპის დღის აღსანიშნად, რომელიც ნათლად ასახავდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებს.

ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისის რიყის პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცა, რომელშიც ევროკავშირის 20-მა წევრმა სახელმწიფომ სტუმრებს თავიანთი ქვეყნები და კულტურა წარუდგინა. თბილისელებს, დიდსა თუ პატარას, საშუალება მიეცათ მონაწილება მიეღოთ უამრავ თამაშებსა და ინფორმაციულ აქტივობებში. დღის განმავლობაში სცენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მუსიკა, ცეკვები და სიმღერები სრულდებოდა. ამავდროულად, ახალგაზრდები და ზრდასრულები მონაწილეობას იღებდნენ ქუჩის კალათბურთის შეჯიბრში და აგემოვნებდნენ ევროპული ქვეყნების სამზარეულოს.

ღონისძიება ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გახსნეს.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის ელჩმა, ბატონმა ჰარცელმა აღნიშნა: “ევროპის დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ ფაქტს, რომ იდეა, რომელიც დაიგეგმა 69 წლის წინ დღეს აერთიანებს ევროპის 28 ქვეყნის, 24 ოფიციალურ ენაზე მოსაუბრე 500 მილიონზე მეტ მოქალაქეს ევროკავშირში, რომელიც თავისი მოქალაქეების მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ისწრაფვის. ევროპის დღე ასევე არის შესაძლებლობა ავღნიშნოთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძლებთ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას.

საღამოს თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმა ისიამოვნეს გალა კონცერტით ჯგუფი “33ა” და Nicole DJ Set”-ის ცოცხალი შესრულებით. ევროპის დღის აღნიშვნა მშვიდობის ხიდის თავზე გაშვებული მრავალფეროვანი ფეიერვერკით დასრულდა, ფეიერვერკი ევროკავშირის დროშის ფერებში იყო გაფორმებული.

 

დამატებითი ინფორმაცია (პრე-ისტორია)

ევროპის დღე ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება და უკავშირდება 1950 წელს, რობერ შუმანის, იმ დროინდელი საფრანგეთის საგარეო მინისტრის, მიერ მიღებულ დეკლარაციას. შუმანმა საფუძველი ჩაუყარა ახალი ტიპის პოლიტიკურ თანამშრომლობას ევროპაში, რაც გამორიცხავდა ევროპის ხალხთა შორის ომის ალბათობას ქვეყნათა შორის ქვანახშირისა და ფოლადის ურთიერთგაზიარების გზით. სწორედ, ეს იდეა დაედო საფუძვლად შემდგომ ევროკავშირის შექმნას, რომელშიც, დღეისათვის გაერთიანებულია 28 ქვეყანა და 508 მილიონი ადამიანი უკვე 60 წელია ცხოვრობს მშვიდიბიანი და ბედნიერი ცხოვრებით.

წელს ევროპის დღე “ვაძლიერებთ ერთმანეთს” სლოგანის ფარგლებში გაიმართა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს. 2019 წელი ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნავს საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელს და ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულების 5 წლისთავს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ფეისბუკის გვერდს: event page of Europe Day 2019

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu