ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი ENPARD IV-ის პროგრამული პრიორიტეტების შესახებ პარტნიორებთან კონსულტაციას მართავს

17/04/2019 - 14:37
News stories

ევროკავშირის პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აკადემიის და ექსპერტული წრეების 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა თბილისში გამართულ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეოთხე ფაზის საკონსულტაციო კონფერენციაში.

ღონისძიების მიზანს ENPARD IV-ის ორი ძირითადი პროგრამული მიმართულების - სოფლის განვითარების და სურსათის უვნებლობის / სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების - პრიორიტეტულ საკითხთა განსაზღვრის პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირება და ჩართულობა წარმოადგენდა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციების, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები. თითოეული პანელის ფარგლებში შედგა აქტიური დისკუსია მოწვეული სტუმრების მონაწილეობით.

ღონისძიება გახსნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის პროგრამების ხელმძღვანელმა, ბნ. ვინსენტ რეიმ. საქართველომ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კუთხით, ბოლო წლებში, ხელშესახებ პროგრესს მიაღწია. ევროკავშირი მოხარულია, რომ ამ მიღწევებში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშრი მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. მომავალში, ჩვენ გვსურს ვიხილოთ უკეთ აღჭურვილი ქართველი ფერმერები, კოოპერატივები, მცირე და საშუალო მეწარმეები, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას, და ასევე, ევროკავშირში ექსპორტს შეძლებენ. გარდა ამისა, ჩვენ გვსურს ვიხილოთ სოფლად უკეთესი ინფრასტრუქტურა და სერვისები, უფრო განვითარებული ტურიზმი, ეფექტიანი ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა და მეწარმეობა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. ევროკავშირი ENPARD IV-ის ფარგლებში გააგრძელებს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, რათა საქართველოს ამ პოტენციალის უკეთ რეალიზებაში დაეხმაროს.” – განაცხადა ვინსენტ რეიმ.

ENPARD-ის მეოთხე ფაზის დაწყება 2020 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. პროგრამის IV ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. ENPARD IV დაეფუძნება ფართომასშტაბიან ინსტიტუციური განვითარების პროგრამისა (CIB) და ENPARD-ის წინა ფაზების ფარგლებში არსებულ შედეგებს. იგი გააგრძელებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერას ინსპექტირებისა და კონტროლის სისტემების დანერგვის და ახალი რეგულაციების შემუშავების კუთხით. ახალი ფაზა დაეხმარება სურსათის ბიზნეს ოპერატორებსაც, მიმდინარე რეფორმებთან მათი უკეთ ადაპტირების მიზნით.

ასევე, ENPARD IV გააგრძელებს საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას, რათა სოფლის სექტორმა საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში უფრო მეტი წვლილი შეიტანოს. პროგრამის IV ფაზა მეტად ორიენტირებული იქნება მოწყვლადი რეგიონებისა და ოჯახების (მათ შორის ეკო-მიგრანტების, კონფლიქტით დაზარალებული პირების, ეთნიკური უმცირესობების, მიგრანტების) ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციაზე. ამასთან, პროგრამა გააგრძელებს ადგილობრივი განვითარების გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას, მათ შორის ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებას.

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, დღემდე, სოფლის განვითარების ევროპული მოდელი საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში დაინერგა. ადგილობრივი განვითარების ჯგუფები შეიქმნა ბორჯომში, ლაგოდეხში, ყაზბეგში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ახალქალაქში, ქედასა და ხულოში. აღნიშული ჯგუფები, ევროკავშირის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წარმატებით ახორციელებენ სოფლის განვითარების პროექტებს. მათი უშუალო ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, ევროკავშირის მიერ უკვე 360-ზე მეტი ინიციატივაა დაფინანსებული. ამჟამად, დამატებით კიდევ ოთხ ახალ მუნიციპალიტეტში - ახმეტა, წალკა, წყალტუბო და მესტია - მიმდინარეობს სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, LEADER მიდგომის, დანერგვის და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შექმნის პროცესი. გასულ წელს კი დაფუძნდა საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია, რომლის მიზანია LEADER მიდგომის, როგორც ადგილობრივი განვითარების მოდელის ხელშეწყობა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების თანამშრომლობის უზრუნველყოფა, საერთო პროექტების განხორციელება და ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე სოფლის განვითარების ადვოკატირება.

ევროკავშირის მიერ დღემდე მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივების, ასევე მთავრობის მიერ სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე გაზიარებული ევროპული გამოცდილების (2016 წლის დეკემბერში მიღებულ იქნა სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგია) და არსებული მიღწევების საფუძველზე, ENPARD IV გააგრძელებს სოფლის განვითარების მხარდაჭერას ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. ეს მხარდაჭერა ევროპის საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და გულისხმობს როგორც სოფლის მეურნეობის ხარისხის, სტანდარტებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ასევე სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისა და ადგილობრივი საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების გზით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179.5 მილიონი ევრო. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საკომუნიკაციო ხელმძღვანელი, tamar.k@actionprgroup.com, +995 595 98 99 16
  • მიკოლა ბეკასიაკი, კომუნიკაციების და დონორთა კოორდინაციის განყოფილება, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Mikolaj-Swietopelek.BEKASIAK@eeas.europa.eu
Languages:
რედაქტორი: