ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი იწყებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდაჭერის პროექტს

11/04/2019 - 02:00
News stories

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი, რომელიც ხორციელდება ავსტრიულ-ფრანგულ-ბერძნული კონსორციუმის მიერ, დაეხმარება საქართველოს ენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის პროცესში

ხუთშაბათს, 2019 წლის 11 აპრილს, ევროკავშირმა დაიწყო საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის - „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავების შესახებ“, განხორციელება.

ეს გახლავთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 21-თვიანი პროექტი, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 1 200 000 ევროს და რომელიც ითვალისწინებს რეგულირების სფეროს ავსტრიელი, ფრანგი და ბერძენი ექსპერტების თანამშრომლობას ქართველ კოლეგებთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) შესაძლებლობები, მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი რეგულირების სტრატეგიის შემუშავების კუთხით. 

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის გარდაქმნას ეფექტიან, კონკურენტულ ენერგეტიკულ ბაზრად, რომელიც ფუნქციონირებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი, რომელის გახსნასაც დღეს აღვნიშნავთ დაეხმარება ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს, სემეკს, შეიმუშავოს ისეთი რეგულაციები, რომლებიც გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხის და უზრუნველყოფს ენერგიის შეუფერხებელ მიწოდებას როგორც საყოფაცხოვრებო და ისე არა-საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ხოლო ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ინფორმაცია მოხმარებული ენერგიის შესახებ რეალურ დროში, რაც თავის მხრივ შესაძლებლობას მისცემს მას გონივრულად მოიხმაროს ენერგია,“ აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ბატონმა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ხათუნა თოთლაძემ ხაზი გაუსვა, რომ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტები წარმოადგენენ საქართველოსათვის ევროპულ ფასეულობებთან დაახლოების საშუალებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ნათია თურნავამ საკუთარ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეგულირების განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ენერგიის მიწოდების ხარისხი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების  უმთავრეს ელემენტს და რომ ჭკვიანი აღრიცხვა ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ენერგეტიკული მოთხოვნილებების უკეთ დაგეგმვას.       

დაძმობილების პროექტის პარტნიორის - სემეკის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ირინა მილორავამ ისაუბრა ენერგეტიკული ბაზრის განვითარების და საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ხელახლა ფორმირების მიმართულებით გადადგმული დადებითი ნაბიჯების შესახებ, ხოლო ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა ანდრეას აიგენბაუერმა მიმოიხილა ევროკავშირის ახალი რეგულაცია და მისი დადებითი შედეგები მომხმარებლებისათვის. საფრანგეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელმა, ბატონმა ჟან-ლორან ლასტელმა  ხაზი გაუსვა ჭკვიანი აღრიცხვის მნიშვნელობას ენერგოეფექტურობის მიზნების მიღწევისათვის, ხოლო საბერძნეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელმა, ბატონმა აპოსტოლოს გოციასმა ისაუბრა ენერგეტიკული ბაზრების ფორმირებაში ეროვნული მარეგულირებელი უწყებების როლის შესახებ.               

საკუთარი გამოსვლებისას და აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხისას, პროექტის ლიდერმა ბენეფიციარი ქვეყნის მხრიდან, ბატონმა გიორგი ფანგანმა, პროექტის ლიდერმა წევრი სახელმწიფოს მხრიდან, ბატონმა დიტმარ პრაინსტორფერმა, პროექტის უმცროსმა ლიდერებმა წევრი სახელმწიფოების მხრიდან, ბატონებმა მიქაელ მასტიემ და ჯორჯ პაიდაკაკისმა ისაუბრეს პროექტის მიზნებისა  და მოსალოდნელ შედეგებზე.      

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, თუ შეიძლება დაუკავშირდით:

ქალბატონი თამრიკო მიქაძე

პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

Languages:
რედაქტორი: