ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოში ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად 3-წლიანი პროექტი განხორციელდება

18/02/2019 - 19:03
News stories

World Visionსაქართველომ  18 თებერვალს,  სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გამართა.

სამწლიანი ინიციატივა ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის განვითარებაში და ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების ჩამოყალიბებაში საქართველოს მთავრობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მასშტაბური პროექტის განხორციელების პროცესში World Vision საქართველო მჭიდროდ ითანამშრომლებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და  ასოცირებულ პარტნიორებთან -  საქართველოს საპატრიარქოს სოციალურ დეპარტამენტსა და სახალხო დამცველის აპარატთან.

„დღეს ჩემთვის დიდი პატივია  ახალი, სამ-წლიანი პროექტის გახსნა, რომელიც ბავშვის კეთილდღეობის რეფორმის მხარდამჭერია და World Vision საქართველოსა და მთავრობის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდება, პარტნიორებთან ერთად.  ეს არის აღნიშნულ სფეროში  ევროკავშირის  20 წლიანი მხარდაჭერის გაგრძელება. ამ პერიოდში ჩვენ ვიხილეთ ბავშვის კეთილდღეობის სისტემის მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია, მაგალითად თითქმის ყველა  დიდი ზომის ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულების დახურვა. ეს პროექტი რეფორმის გაგრძელებაა, ორიენტირებული იმაზე რომ  ბავშვებმა, რომლებიც მოკლებულნი არიან მშობლის მზრუნველობას, მიიღონ შესაბამისი, ხარისხიანი ალტერნატიული მომსახურება. იმისათვის რომ მივიღოთ ეფექტური და ძლიერი, ბავშვზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც სწრაფად და  ადეკვატურად უპასუხებს მზრუნველობა მოკლებული ბავშვების საჭიროებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროა  სახელმწიფო და არა-სახელმწიფო უწყებების ექსპერტები და პროფესიონალები იყვნენ ჩართულნი პროცესში. ამ კონტექსტში მე ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გამოთქვამს პროექტში აქტიური ჩართულობის ინტერესს.“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ევრო კავშირსა და World Vision-ს მნიშვნელოვანი პროექტის წამოწყებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ინიციატივა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ბავშვებისათვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად. 

ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ 44 დიდი ზომის ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულება დახურა და  1316 მიუსაფარი ბავშვის რეინტეგრაცია უზრუნველყო.   მიუხედავად ამისა, ხარისხიანი ალტერნატიული ზრუნვის სერვისების შეთავაზება მოწყვლადი ბავშვებისათვის სახელმწიფოს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.

„World Vision საქართველო  აცნობიერებს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც მოცემული პროექტის ხარისხიანად განხორციელებას გულისხმობს.  ეს არის ერთ-ერთი პირველი მასშტაბური ინიციატივა, რომელიც  სახელმწიფო, არასამთავრობო სექტორის და საქართველოს საპატრიარქოს ნების და ძალისხმევის გაერთაინებას საჭიროებს და ემსახურება ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ბავშვების და ოჯახების ცხოვრების ხარისხის და კეთილდღეობის გაუმჯობესებას. მოცემული პროექტი კარს უღებს ყველა დაინტერესებულ მხარეს  ქვეყანაში ბავშვთა მიმართ არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობისათვის.“ - განაცხადა World Vision საქართველოს დირექტორმა ეკა ჟვანიამ.

Languages:
რედაქტორი: