ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

პრეზიდენტ დონალდ ტუსკის გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

Bruxelles, 22/01/2019 - 17:00, UNIQUE ID: 190123_8
Press releases

შუადღე მშვიდობისა. ნება მიბოძეთ, პრეზიდენტო ზურაბიშვილო, მოგესალმოთ ბრიუსელში საზღვარგარეთ პრეზიდენტის სტატუსში თქვენი პირველი ვიზიტის დროს. გილოცავთ თქვენს გამარჯვებას არჩევნებში. მე ვაფასებ თქვენს ძალისხმევას საქართველოში სოციალური და პოლიტიკური უთანხმოებების გადალახვასთან დაკავშირებით.

ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობა განსაკუთრებული და პერსპექტიულია. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და მას შემდეგ, რაც 2017 წლის მარტში უვიზო რეჟიმი იყო შემოღებული, 300 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა გამოიყენა.

დღევანდელ შეხვედრაზე მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის მზადყოფნა ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობის გააქტიურების თაობაზე. ხელშეკრულებამ ჩვენს მოქალაქეებს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა და მას საქართველოს შემდგომი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ინსტიტუციური მედეგობის გაძლიერების პოტენციალი გააჩნია.

დღეს მე ასევე მივესალმები რეფორმების გატარებისადმი საქართველოს თავდადებას. პრეზიდენტი და მე კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სფეროებში წინსვლის მნიშვნელობაზე შევთანხმდით.

რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 10 წელზე მეტი გავიდა. მე კვლავ ვაცხადებ ევროკავშირის უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტების მოგვარების მცდელობების მიმართებაში.

შარშან თბილისმა დაიწყო აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაჭრობის, განათლების და ჯანდაცვის მნიშვნელოვანი ინიციატივები. ჩვენ მზად ვართ შემდგომი დახმარება აღმოვუჩინოთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს და დიალოგს ხელი შევუწყოთ.

რეგიონალურ დონეზე მნიშვნელოვანია საქართველოს უწყვეტი ძლიერი მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი. წელს მოგვიანებით, ჩვენ მის 10 წლისთავს აღვნიშნავთ. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი წინსვლის ასახვის შესაძლებლობა. მადლობას ვუხდი საქართველოს შემოთავაზებისთვის, რომ 2019 წლის ბათუმის კონფერენცია ამ წლისთავს მიეძღვნას. ძალიან მოხარული ვიქნები, რომ ივლისში ამ კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს კვლავ ვეწვიო.

ქალბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ დავასრულო ჩემი გამოსვლა და კიდევ ერთხელ გისურვოთ ყველანაირი წარმატება თქვენს სამსახურში და თქვენთან ერთობლივ მუშაობას ველოდები. მადლობა.

 

 

Press contacts

Preben Aamann

European Council President Spokesperson

+32 2 281 51 50

+32 476 85 05 43

Languages:
რედაქტორის ნაწილი: