ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

უმაღლესი წარმომადგენლის/ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის გამოსვლა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე

12/10/2018 - 12:42
Voices and views

საღამო მშვიდობისა! მადლობას მოგახსენებთ. ნება მომეცით, მოგმართოთ, როგორც მეგობრებს. ვერც კი წარმოიდგენთ, თუ  რა  გრძნობა მეუფლება, როდესაც დღეს თქვენ ყველას მოგმართავთ.  მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის: ჩემთვის დიდი პატივია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მეშვიდე ღონისძიების გახსნა.
მინდა გულწრფელი ვიყო - უფრო  სწორად, ყოველთვის გულწრფელი ვარ, მაგრამ დღეს მეტ პიროვნულ მომენტს შევიტან ჩემს გამოსვლაში. როდესაც მოწვევა მივიღე, მაშინვე თავში გამიელვა ფიქრმა: „რა პატივია!“ თუმცა მეორე წუთას დავფიქრდი: „რატომ მაინცდამაინც მე?“
ჩემი აქ ყოფნას აქვს ორი, სრულიად ბუნებრივი მიზეზი.  პირველი:    სადაც საქართველო საპატიო სტუმარია, იქ უნდა იყოს ევროკავშირიც. მეორე: სადაც ადამიანის უფლებების მნიშვნელობას,  პოპულარიზაციას და დაცვას ეხება საქმე, იქ უნდა იყოს ევროკავშირიც. და ჩვენ კვლავაც განვაგრძნობთ ისტორიული მატიანის ამ ეპიზოდში ყოფნას,  ეპიზოდში, რომელიც ჩვენ ერთად დავწერეთ 70 წლის წინათ.
მერე იმაზე ფიქრი დავიწყე, თუ რა აკავშირებს წიგნებთან  იმ ადამიანის სამუშაოს, რომელსაც პატივი აქვს წარმოადგენდეს ევროპის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, ზრუნავდეს მის შემუშავებასა და განხორციელებაზე. ის, თუ  როგორ არის დაკავშირებული ჩემი პირადი ცხოვრება ამ ღონისძიებასთან, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია: მას შემდეგ,რაც ექვსი წელი შემისრულდა,  ალბათ, ერთი დღეც არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში,  წიგნი რომ არ წამეკითხოს.  არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემოდანში წიგნი არ მედოს- უფრო ზუსტად, რომანი. ასევე მინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილოთ - ყოველთვის  მწერლობაზე ვოცნებობდი.
მაგრამ თქვენ ხომ იმისათვის არ მოსულხართ აქ, რომ ჩემს ლიტერატურულ მისწრაფებებზე ვისაუბროთ. თქვენ განსხვავებული მოლოდინები გაქვთ;  ის ბრძენი ადამიანები, რომლებიც ამ წიგნის ბაზრობას აწყობენ, მართლები არიან: მართლაც არის კავშირი ჩემს სამუშაოს, ჩვენს საერთო ევროპულ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასა და წიგნებს შორის. უფრო ზუსტად, ორი ძლიერი კავშირი არსებობს.
პირველ რიგში, ჩვენი იდენტობა.  წიგნები, რომლებსაც ჩვენ ვკითხულობთ და ვწერთ,  მეტყველებს ჩვენს პიროვნებაზე -  ჩვენს კულტურაზე, ოცნებებზე, შიშებზე, ისტორიაზე, ჩვენს ცხოვრებისეულ ეპიზოდებზე, ჩვენს  ენაზე, საკვებზე, მუსიკაზე, ჩვენს ქალაქებზე, მდინარეებზე, მთებსა და ზღვებზე,  ის რაც გვყოფს, გვაკავშირებს, და რაც საერთო გვაქვს. წიგნები  კარგად წარმოაჩენს ჩვენს პიროვნებას, აჩვენებს, თუ ვინ ვართ ჩვენ. და პირველი, უმთავრესი შეკითხვა, რომელსაც  გისვამენ, როდესაც სხვებთან გიხდება ურთიერთობა ამ სამყაროში, როდესაც საგარეო პოლიტიკის შემუშავებასთან გაქვს შეხება, სწორედ ეს არის „რას წარმოადგენთ, ვინ ხართ თქვენ?“.
მხოლოდ ამის შემდეგ მოდის შეკითხვა, რომელზეც ყველა ყურადღებას ამახვილებს: „რისი მიღწევა გსურთ, ან რას გინდა რომ თავი აარიდოთ?“ ან დიპლომატიური ენით რომ ვისაუბროთ, რომელიც ალბათ სილამაზით ქართულს ჩამოუვარდება, მაგრამ მაინც  ჩვენი ყოველდღიური სამუშაოს ნაწილია: „რა პოლიტიკა გაქვს?“
მაგრამ უმთავრესი შეკითხვა, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი - ვერც ადამიანურ და ვერც საზოგადოებრივ ურთიერთობებში - სწორედ ჩვენს იდენტობას ეხება. ეს არის ყველაფრის ამოსავალი წერტილი:  ეს არის ის, რაზეც დატანილია თქვენი სახელი, ის, თუ ვინ ხარდ თქვენ; მასზე დგას თქვენი სანდოობაა; ეს ის ტელეფონის ნომერია კისინჯერი რომ კითხულობდა ევროპაში დასარეკად. რეალურად შეკითხვა „რა ტელეფონის ნომერზე დავრეკო?“ კი არ იყო, არამედ:  „შესაძლებელია ერთიან ევროპაში დარეკვა? არის ვინმე, კონკრეტული იდენტობის მქონე პირი, რომელთანაც შესაძლებელია დაკავშირება?“ რადგანაც იდენტობის  გარეშე, პოლიტიკას საერთოდ არ აქვს აზრი.
შეკითხვა, რომელსაც ჩემი პროფესიის ადამიანი ყოველდღე უსვამს საკუთარ თავს, გახლავთ: „ვის წარმოვადგენ? არსებობს თუ არა იდენტობა, რომელიც შეგვიძლია  მსოფლიო არენაზე წარმოვადგინოთ? ვინ ვართ ჩვენ, ევროპელები?“ მე მწამს, რომ პასუხი სწორედ აქ, წიგნის ამ ბაზრობაზეა, იმ წიგნებშია, რომლებსაც ჩვენს ვკითხულობთ და ვწერთ.
როგორც მითხრეს, წიგნის ეს ბაზრობა ისეთივე ძველია, როგორც  ბეჭდური წიგნები, ხუთი საუკუნისა. თუმცა, როგორც შევიტყვე, წიგნის ბაზრობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 წელს აღორძინებულა. და ეს სულ რამდენიმე თვით ადრე მოხდა, ვიდრე შუმანი გამოვიდა წინადადებით, ნახშირისა და ფოლადის წარმოების კონტროლის მიზნით  საფრანგეთსა და გერმანიაში  ერთიანი ადმინისტრაციის შექმნის თაობაზე;  ჩვენ ვიცით ეს ამბავი როგორ დასრულდა: წარმატებით.
ამ იდეიდან  კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე რეგიონული ინტეგრაციის ყველაზე წარმატებული პროექტი დაიბადა. ეს გარდატეხის მომენტი იყო ევროპის ისტორიაში:  ჩვენ ერთბოლივად გავაცნობიერეთ, რომ ომი, რასაც  ათასწლეულების განმავლობაში ვეწეოდით ევროპაში, არც ისეთი ბრძნული ქმედებაა და გაცილებით ნაკლებ კომფორტულია, ვიდრე ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა და საბოოოდ  - ინტეგრაცია.
უდიდესი კატასტროფა, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა - მეორე მსოფლიო ომი იყო საჭირო იმისათვის, რომ განსაზღვრულიყო ჩვენი ევროპული იდენტობა  -  ერთიანი, საერთო ევროპული თვითმყოფადობა.  მაგრამ ნურასოდეს დავივიწყებთ, თუ რით დაიწყო ეს კატასტროფა. დაიწყო იმით, რომ ქუჩაში წიგნები დაწვეს. დაიწყო იმით, რომ პროფესორებს უნივერსიტეტებში შესვლა აუკრძალეს მათი ებრაული გვარების გამო - და ეს მოხდა ზუსტად 80 წლის წინათ, ჩვენს ქვეყნებში, აი აქ გერმანიაში,  ჩემს სამშობლოში, იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში.
წიგნებიდან ასევე ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მართებული და სწორი სიტყვების გამოყენება. ასე, რომ მოდით სწორი სიტყვები გამოვიყენოთ: ნაციზმსა და ფაშიზმს ევროპული ხალხების ათასწლოვანი მრავალფეროვნების განადგურება და ერთიანი Volk -ისა (ნაციონალიზმის) და იდეოლოგიის დამკვიდრება სურდა. მაგრამ ფაშიზმი და ნაციზმი მაშინ დამარცხდა, დამარცხდა უდიდესი ტანჯვის ფასად და ჩვენ, ევროპელებმა, გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი იმის თაობაზე, თუ ვინ ვართ და რა იდენტობა გაგვაჩნია.  ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ: ჩემი იდენტობა არასოდეს არ უარყოფს შენსას“. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ: „მე აღარასოდეს აღარ განვსაზღვრავ ჩემს რაობას, ჩემს იდენტობას სხვა პიროვნების იდენტობის დასაპირისპირებლად, არამედ მხოლოდ პოზიტიური მიზნით, მხოლოდ ჩემი რაობის გამოსახატავად.“
ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ საკმაოდ ძლიერნი ვყოფილვართ - რადგან ეს მართლაც ძლიერი მინიშნებაა, როდესაც ამბობ, რომ არავის წინააღმდეგ არ ხარ, რომ პირიქით, სხვებთან ერთად ხარ.  და ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ  ყოველ ცალკეულ პიროვნებას რთული, მრავალმხრივი, მრავალშროვანი იდენტობა გააჩნია;  რომ ყოველი ადამიანი განსხვავებულია და რომ ჩვენი საკუთარი პირადი იდენტობის ცალკეული ელემენტები მშვენივრად ეთავსება ერთმანეთს ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე.   ჩვენ გარკვეულწილად თავიდან აღმოვაჩინეთ მრავალფეროვნება და კომპლექსურობა და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჩვენი არჩევანი მარტივი და მკაფიო იყო:  ეს გახლავთ ადამიანებისა და ამგვარი წესების პატივისცემა.
წიგნის ეს ბაზრობა აღორძინდა და მთელს მსოფლიოში უდიდესი მასშტაბის ღონისძიებად ჩამოყალიბდა.  და იმავე პერიოდში ევროპული ინტეგრაციის ოცნებაც  ხორცს ისხამდა მრავალფეროვნებაში ერთიანობის იდეის წყალობით.   ჩვენ ვაღიარეთ ეს მრავალფეროვნება, როგორც ევროპული კულტურისა და ევროპული იდენტობის ჭეშმარიტი ძალა.
ევროპული კულტურა, ევროპული იდენტობა არ დგას ჩვენს ეროვნულ კულტურასა და ეროვნულ იდენტობაზე მაღლა,- და, რა თქმა უნდა, არც უპირისპირდება მას. ჩვენ ვართ და ყოველთვის ვიქნებით ამაყი გერმანელები, ამაყი იტალიელები, და ეს ნუსხა ყველა წევრ ქვეყანას მოიცავს. და უფრო მეტიც, მე მხოლოდ ამაყი იტალიელი როდი, ვარ, არამედ აგრეთვე რომის ამაყი ბინადარი, ხოლო რომში მე ასევე ვამაყობ ჩემი უბნით -  და ეს ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.
ჩვენ გვაქვს და ყოველთვის გვექნება ჩვენი საკუთარი ისტორია, კულტურა,  ლიტერატურა და ანბანი. და ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ ის, რის გამოც გვეამაყება ჩვენი ქვეყნები, ქალაქები, სოფლები და უბნები, ყველა ჩვენგანს გვეკუთვნის, მთელს ევროპას ეკუთვნის. და არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს -  და არც იარსებებს  იმაში, რომ იყო რომის ამაყი ბინადარი, ამაყი იტალიელი და ამაყი ევროპელი.  ეს კიდევ უფრო დიდ ჭეშმარიტებას წარმოადგენს  დღეს, როდესაც თითეულ ჩვენგანს მრავალი იდენტობა გააჩნია, და როდესაც ჩვენი საზოგადოებები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა, ვიდრე ამ 70 წლის წინ.
რამდენიმე წუთში ჩვენ მოვისმენთ ახალგაზრდა ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის გამოსვლას, რომელიც საქართველოში დაიბადა და გერმანულად წერს, ხომ სწორია?  ის იმ მრავალ ევროპელთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებსაც მხოლოდ ერთი სახლი,  ერთი ენა და ერთი იდენტობა არ აქვთ.  უფრო სწორედ, ჩვენ ყველანი ერთნაირ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენ ყველას მრავალმხრივი და მრავალშრიანი იდენტობა გვაქვს. მრავალფეროვნება ჩვენი ნაწილია და ჩვენ არსს წარმოადგენს.
მრავალფეროვნების მიღება ჩვენი იდენტობაზე უარის თქმას როდი ნიშნავს - პირიქით, ეს ჩვენი იდენტობისა და ჩვენი კულტურის ერთგულებას ნიშნავს. დიალოგისათვის მზადყოფნის მსგავსად, მედიაცია და ყველასათვის მომგებიანი გამოსავალი სისუსტეს არ გულისხმობს  -  პირიქით, ეს შენს ძლიერებაზე მიუთითებს და ნიშნავს, რომ იმდენად დარწმუნებული ხარ საკუთარ ღირებულებებში, იდეებში, ინტერესებში, კულტურასა და  იდენტობაში, რომ არ გეშინია, რომ ყველაფერ ამას დაკარგავ, თუ ისინი სხვა რეალობებს შეერევიან.
აი, ვინ ვართ ჩვენ. და ის, თუ რას ვკითხულობთ, რას ვწერთ, ჩვენი წიგნები, ჩვენი ისტორიები, წიგნები, რომლებსაც აქ ვხედავთ, სწორედ ამაზე მოგვითხრობს - მოგვითხრობს ამ სიმდიდრეზე, ამ სიძლიერეზე, ჩვენს მრავალფეროვნებაზე.  არსებობს ევროპული იდენტობა, ევროპული კულტურა, ფირფიტაზე ამოტვიფრული სახელი, არსებობს ჩვენი, ევროპელების მიზნის ერთიანობა, რომელიც ჩვენს საერთო პოლიტიკაზე უფრო მნიშვნელოვანიც კია, და რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს და კიდევაც უნდა იყოს წარმოდგენილი მთელს მსოფლიოში. ასე რომ, გარდა იმ ტელეფონის ნომრისა, სადაც შეიძლება დარეკვა, არსებობს ადამიანიც, ვინც ამ ტელეფონს უპასუხებს  -  ალბათ ეს მე ვარ - და იტყვის: „ჩვენ, ევროპელები.“
ეს გახლავთ უპირველესი მიზეზი, თუ რატომ მიმაჩნია, რომ აქ ყოფნა გამართლებულია. სწორედ აქ იპოვით პასუხს ფუნდამენტურ კითხვაზე: „არებობს თუ არა ევროპული იდენტობა, რომელიც შეიძლება გამოხატო და წარმოადგინო?“  მეორე მიზეზი, თუ რატომ არის  არის გამართლებული ჩემი აქ ყოფნა, არის ის, რომ კულტურა ჩვენი საერთო ევროპული საგარეო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
განსაზღვრების მიხედვით, ჩვენ რბილ ძალას წარმოვადგენთ. თუმცა ახლა მეტად, ვიდრე ოდესმე  ხდება ხისტ ძალაში ინვესტირება -  ზოგჯერ ეს საჭიროა - ევროპული თავდაცვა, ჩვენი სტრატეგიული ავტონომიურობა,  რაც შეიძლება ზოგჯერ დაგვჭირდეს  - გრძელდება ჩვენი, როგორც კულტურული სუპერხელისუფლების  ფუნქცია.  და ნება მომეცით ვთქვა, ჩვენ ვართ ერთადერთი კულტურული სუპერხელისუფლება ვართ მთელ ქვეყანაზე.
ნამდვილად ზედმეტია ამ აუდიტორიის წინაშე იმაზე საუბარი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურული დიმპლომატია.  ევროპულ ქვეყნებს ყოველთვის მშვენივრად ესმოდათ საერთაშორისო კულტურული კავშირების მნიშვნელობა; ეს  არა მარტო ჩვენი ეკონომიკისათვისაა მნიშვნელოვანი, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. და ახლა,  საგარეო სამსახურში კულტურის ევროპულ სტრატეგიასთან European Strategy on Culture in External Action, მიმართებაში ეს მთელს ევროკავშირსაც ეხება.
ჩვენი მიზანი არ არის ეროვნული კულტურული დიპლომატიის ჩანაცვლება. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ, მეტი ძალა შევმატოთ მას, გავაერთიანოთ ძალისხმევა ევროპის დონეზე. მაგალითად, ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიწყებთ „ევროპის კულტურის სახლების“ მშენებლობას, სადაც თავს მოიყრის ყველა ევროპული კულტურული ინსტიტუცია და  რისი მეშვეობითაც ევროპული კულტურა უფრო მრავალმეტყველი და თვალსაჩინო გახდება საზღვარგარეთ.  ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით წარმოგვეჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს კულტურა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიური განვითარების საქმეში.
როდესაც მე საგარეო ქმედებებში კულტურის სტრატეგიაზე მუშაობა ვისურვე, ბევრი მეუბნებოდა, რომ მსოფლიოში დღესდღეისობით არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე - ჩვენს გარშემო არსებული კონფლიქტებისა და კრიზისების გათვალისწინებით, - ეს სტრატეგია პრიორიტეტს არ წარმოადგენდა, იგი ვერასდროს გახდებოდა პოპულარული და რომ მე „ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მელოდა“. ისევე, როგორც იტალიელებისთვის, გერმანელებისთვის,  ბევრი ევროპელისთვისაც კულტურა რაღაც მეორეხარისხოვანს არ წარმოადგენს, ეს ფაქტიურად ჩვენი დნმ-ია. დღეს, სტრატეგიის მიღებიდან და მისი განხორციელების დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ჩვენ, როგორც ევროკავშირს, კულტურული დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს ასზე მეტ ქვეყანასთან  მთელს მსოფლიოში.    
დავიწყებ ჩვენი საკუთარი კონტინენტით, ევროპით - აღარ ვისაუბრებ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ საქართველოსთან ერთად, თუმცა ეს ერთობ მასშტაბური საქმიანობაა - მინდა მოგიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, რომელიც მშვენივრად უჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია  ჩვენი საქმიანობა მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისა და შერიგებისთვის: ბალკანეთში ომის დროს, სალოცავები მუდმივად ცეცხლის სამიზნეს წარმოადგენდა: ეს ალბათ ბევრს კარგად ახსოვს.  
ამჟამად ევროკავშირი აღადგენს ეკლესიებს, მეჩეთებსა და სინაგოგებს მთელს ბალკანეთში, ეს  შერიგების გზაზე გადადგმული ნაბიჯები გახლავთ. ჩვენ ასევე ვაშენებთ კულტურულ მარშრუტს მთელს რეგიონში თანაარსებობის უნიკალური ისტორიის, ისევ და ისევ, ჩვენი სიმდიდრის მრავალფეროვნებისა და ჩვენი კომპლექსური იდენტობის ფესვების საჩვენებლად. ეს ყოველივე კულტურას ეხება, მაგრამ ამავე დროს მშვიდობასა და უსაფრთხოებასაც გულისხმობს.  
 
დღემდე მთელ მსოფლიოში კულტურა ბრძოლის ეპიცენტრშია მოქცეული. როდესაც ალ-ქაიდას მოკავშირე ტერორისტებმა მალის  ქალაქი ტიმბუქტუ დაიპყრეს, მათ უძველესი ბიბლიოთეკები და მეჩეთები გაანადგურეს. როდესაც დაეშის (ისლამური სახელმწიფოს) ტერორისტებმა სირიაში ქალაქი პალმირა ჩაიგდეს ხელში, მათ მიწასთან გაასწორეს ტაძრები და ქანდაკებები, რომლებიც იყვნენ მემატიანეები ქალაქის ისტორიის, მრავალფეროვნების ისტორიის, რომელიც იქმნებოდა  რომის იმპერიის, სპარსეთის ყურის და შორეული აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე, სხვადასხვა კულტურასა და რეგიონს შორის.
დაეშის იმავე ტერორისტებმა ნაღმები განათავსეს ქალაქ მოსულის უნივერსიტეტში, რათა ახალგაზრდა ერაყელებს განათლება საკუთარი სიცოცხლის ფასად  დაჯდომოდათ. და ასევე უნდა გავიხსენოთ ბოკო ჰარამი,  რაც სიტყვასიტყვით წიგნების აკრძალვას ნიშნავს.  
განათლება აშინებს ტერორისტებს. რატომ? იმიტომ, რომ განათლება ადამიანებს ძალას მატებს. იმიტომ, რომ ეს ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია, რომლის წყალობითაც ადამიანს შეუძლია საკუთარი ცხოვრება, საკუთარი საზოგადოება შეცვალოს. მალალას სიტყვებით რომ ვთქვათ:   „ ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნსა და ერთ კალამს მთელი სამყაროს შეცვლა შეუძლია.“    
ასე რომ ბუნებრივია, რომ ჩვენ, ევროპელები, ვისთვისაც  ჩვენი იდენტობა ჩვენს კულტურაზეა დაფუძნებული, კულტურაზე, რომელიც აღიარებს და აფასებს მრავალფეროვნებას, ყოველთვის იქ ვართ, სადაც კულტურაზე შეტევა მიმდინარეობს.  ჩვენ აქტიურად ვერევით პროცესებში, რომ განვნაღმოთ მოსულის უნივერსიტეტი;  რომ აღვადგინოთ ტიმბუკტუს ხელნაწერები; და რომ შევინარჩუნოთ განადგურებული კულტურული მემკვიდრეობის ხსოვნა ჩვენს ხელთ არსებული უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით; რომ დავიცვათ მწერლები და ჟურნალისტები თავდასხმებისაგან მთელ მსოფლიოში.  
იქ, სადაც სხვები ანგრევენ, ჩვენ ვაშენებთ. იქ, სადაც სხვები განათლებას საფრთხედ აღიქვამენ,  ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი საუკეთესო ინვესტიცია და იმედია. როდესაც სხვები თავს იბრმავებენ, როდესაც რაიმე უსიამოვნოს გადააწყდებიან, ჩვენ შეუპოვრობას ვიჩენთ და არასდროს დავხუჭავთ თვალს;  როდესაც ხელოვანს ავიწროვებენ და სდევნიან, ჩვენ მას ვაძლიერებთ, მის თავისუფლებას ვიცავთ, ვცდილობთ დავრწუნდეთ, რომ მისი უფლებები დაცულია. როდესაც მწერალს უსამართლოდ ატყვევებენ,  ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ მის განსათავისუფლებლად, მაშინაც კი, როდესაც ეს უსიამოვნებებთან და დიპლომატიურ სირთულეებთან არის დაკავშირებული.  
ჩვენი მუშაობა კულტურის სფეროში თვალნათლივ ასახავს, თუ   რეალურად ვინ ვართ და რისი გვწამს. ის ასახავს ჩვენს ღირებულებებს, სამყაროს ჩვენებურ ხედვას. ეს ჩვენი პირადობის მოწმობაა. ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ დიადი ევროპული კულტურა ჩვენი ისტორიული წარსულისგან, ჩვენი მამათპაპათგან. მაგრამ მომავალი შენ უნდა აშენო, შენ უნდა შექმნა, მას მემკვიდრეობით ვერავინ გადმოგცემს; და მისი შენება დაუზოგავ შრომას, პასუხისმგებლობას, მიზანსწრაფულობას, ზოგჯერ კი გარკვეულ სიმამაცესაც კი მოითხოვს.
ევროპული კულტურა ცოცხალი ორგანიზმია, ეს ის არის, რასაც ჩვენ ვქმნით. იგი უზარმაზარ შესაძლებლობებს იძლევა, მაგრამ ამავე დროს უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს ყველა ჩვენგანს, ერთად, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო  შემოჰყურებს ევროპას, როგორც მეგზურს. ევროპაც ის არის, რასაც ჩვენ ვქმნით. მოდით, ყოველთვის საკუთარი თავის ერთგულნი ვიყოთ, ერთგულნი ვიყოთ იმის, თუ რასაც წარმოვადგენთ,  და არასდროს, არასდროს, ფუჭად არ გავფლანგოთ ჩვენი პოტენციალი.
გმადლობთ.

Languages: