ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

"ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა" ახალციხეში

04/10/2018 - 16:51
News stories

შაბათს 29 სექტემბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კიდევ ერთხელ აღნიშნა ევროპის დღე ახალციხის მოქალაქეებთან ერთად.

ახალციხეში რაბათის ციხის ულამაზეს გარემოში ევროპის დღის აღსანიშნავად 1500-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე მოვიდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული  ღონისძიება არის წელს უკვე მეოთხე რეგიონული ევროპის დღე ზუგდიდში, ქუთაისისა და ლაგოდეხში ამ გაზაფხულზე ჩატარებული საზეიმო ღონისძიებების შემდეგ.

სამცხე-ჯავახეთელი სტუმრები მოწვეულნი იყვნენ მეტი გაეგოთ ევროკავშირის ისტორიისა და მრავალფეროვნების შესახებ, გაეცნოთ ევროკავშირის საქართველოსადმი მხარდაჭერის კონკრეტული მაგალითები და მონაწილეობა მიეღოთ სხვა სახალისო და შინაარსიან საქმიანობაში დევიზით "ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა".

ევროპის დღეს ახალციხეში ეწვია გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებული პროექტებისა და პროგრამების წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიება ოფიციალურად ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ მიკოლაი ბეკასიაკმა და სტუმარმა საფრანგეთის სენატორებმა რენე დანესიმ და ჟიზელ ჯორდამ გახსნეს.

სანამ ბავშვები სხვადასხვა თამაშებსა და საგანმანათლებლო საქმიანობაში მონაწილეობდნენ, ახალგაზრდები ქუჩის კალათბურთის შეჯიბრზე იყვნენ მოწვეულნი. რამდენიმე ადგილობრივმა გუნდმა იასპარეზა და შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ღონისძიებიდან.

 

პრე-ისტორია

ევროპის დღე ევროკავშირში გაერთიანებული 28 წევრი სახელმწოფოს შორის მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. ეს დღე “შუმანის დეკლარაციას”უკავშირდება,  რომელიც 1950 წლის 9 მაისს, პარიზში გამოიცა. დეკლარაცია ითვალისწინებდა პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ხედვას, რაც თავის მხრივ გააძლიერებდა მშვიდობას და გამორიცხავდა ევროპის ხალხთა შორის ომის ალბათობას. სწორედ, შუმანის მიერ შემოთავაზებული წინადადება საფუძვლად დაედო ევროკავშირის შემდგომ შექმნას.

წელს ევროკავშირმა საქართველოში ევროპის დრის აღსანიშნავი ოთხი რეგიონალური ღონისძიება გამართა, კიდევ ორი დაგეგმილია  შემოდგომაზე ბათუმსა და მარნეულში. მეტი ინფორმაციისთვის თვალი გვადევნეთ Facebook, Twitter ან Instagram-ზე.

Languages:
რედაქტორი: