ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლა იხსნება

04/09/2018 - 17:24
News stories

დღეს საქართველოში, თბილისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლა გაიხსნა. სკოლა, რომელიც წარმოადგენს 2020 წლისთვის მისაღები 20 შედეგიდან ერთ-ერთს, ევროკავშირის ექვსი პარტნიორი ქვეყნის მოსწავლეებს ინოვაციური აკადემიური პროგრამით უზრუნველყოფს და მხარს დაუჭერს მულტიკულტურულ გაცვლებს და თანამშრომლობას.

დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველმა ევროპულმა სკოლამ საკუთარი კარი გაუღო 30 მოსწავლეს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. აკადემიური წლის დაწყება აღინიშნა ევროპული სკოლის ოფიციალური გახსნით, რომელიც ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განახორციელეს.

იოჰანეს ჰანმა, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოვების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში, განაცხადა: „უდიდესი სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლის გახსნის მიზნით. ეს არის პროექტი, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლობელია და ნიშნავს ახალ ეტაპს ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობაში. ახალგაზრდობისთვის მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება წარმოადგენს მოსწავლეების და მათი ქვეყნების მომავალში, ასევე ჩვენს ძლიერ და სტაბილურ პარტნიორულ ურთიერთობაში გაკეთებულ ინვესტიციას. გარდა ამისა, სკოლის გახსნა ადასტურებს ჩვენს გადაწყვეტილებას  განვახორციელოთ 20 შედეგი 2020 წლისთვის, რომლებიც უმნიშვნელოვანესია აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის და რომლებიც მოქალაქეებს კონკრეტულ სარგებელს მოუტანს."

2017 წლის ნოემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსმა ქვეყანამ დაამტკიცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა უპირველეს პრიორიტეტად და იმ ვალდებულების ნაწილად, რომელიც რეგიონის ახალგაზრდობის მხარდაჭერის გაძლიერებას და განათლებას ემსახურება. სკოლა წარმოადგენს ერთ-ერთს 2020 წლისთვის მისაღები 20 შედეგიდან, რომლებიც ლიდერებმა გასულ სამიტზე დაამტკიცეს, და არის ახალგაზრდობის მხარდაჭერის უფრო ვრცელი პაკეტის ნაწილი, რომელიც 340 მილიონ ევროს შეადგენს.

უნიკალურ სადიპლომო პროგრამაში, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს, კომბინირებულია ძალიან მაღალი აკადემიური ხარისხი და ევროპულ სასკოლო სისტემაზე დამყარებული სპეციალიზებული სწავლება. 16 და 17 წლის მოსწავლები დაესწრებიან გაკვეთილებს მრავალეროვან და მულტიკულტურულ გარემოში, რათა გაიუმჯობესონ და გაიღრმავონ ცოდნა ევროპის და ევროკავშირის შესახებ. გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მდიდარი კლასგარეშე პროგრამა, და მათ საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის საკითხებისადმი მიძღვნილ მაღალი დონის კონფერენციებში. სკოლის დამთავრებისას მოსწავლეები მიიღებენ საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს ევროპეისტიკის განხრით.

 

წანამძღვრები
აღმოსავლეთ პარტნიორობა ერთობლივი პოლიტიკური ინიციატივაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მისი აღმოსავლეთ სამეზობლოს შემდეგ ექვს ქვეყანას შორის: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განსაკუთრებული სფეროა. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია დემოკრატიის, კეთილდღეობის, სტაბილურობის და გაუმჯობესებული თანამშრომლობის ერთიანი სივრცის შექმნა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის:

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საჯარო: Europe Direct ტელეფონით: 00 800 6 7 8 9 10 11 ან ელ-ფოსტით

Languages:
რედაქტორი: