Delegation of the European Union to Georgia

ევროკავშირი და საქართველო სამოქალაქო თავდაცვისა და კატასტროფების რისკის მართვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

ბრიუსელი, 13/07/2018 - 08:17, UNIQUE ID: 180713_4
Press releases

ევროკომისია და საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თბილისში ხელს მოაწერენ სამოქალაქო თავდაცვისა და კატასტროფების რისკის მართვის სფეროში კავშირების გაღრმავებაზე მიმართულ ადმინისტრაციულ შეთანხმებას.

ადმინისტრაციული შეთანხმება მოიცავს კატასტროფების პრევენციის, მზაობისა და რეაგირების საკითხებში თანამშრომლობის ძირითად სფეროებს, როგორიცაა ტყის ხანძრები, წყალდიდობა და საძიებო - სამაშველო ღონისძიებები.

შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისში ვიზიტით იმყოფება  ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის კომისარი რისტოს სტილიანიდის, იგი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს ბ-ნ მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის სპიკერს ბ-ნ ირაკლი კობახიძეს და სხვა ოფიციალურ პირებს.

"ამ შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ხალხის, საკუთრებისა და გარემოს კატასტროფებისგან უფრო ეფექტურად დასაცავად, ჩვენ ყველა უკეთესად  უნდა ვიყოთ მომზადებულები. ძალიან მოხარული ვარ, რომ თბილისში ჩემი ვიზიტის დროს ხელი მოეწერა შეთანხმებას სამოქალაქო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განახლებისა და გაძლიერების თაობაზე", - განაცხადა კომისარმა სტილიანიდისმა.

ადმინისტრაციული შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას გააძლიერებს, და თანდათანობით ქვეყანას ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმთან დააახლოვებს.

2010 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში კატასტროფისთვისთვის  მზაობისთვის 4.5 მილიონ ევრომდე გამოყო. ევროკავშირი ემზადება შემდგომი დახმარებისთვის  სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციების მართვის და საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული სტრატეგიის განხორციელების მიზნით.

საკითხის ისტორია

საქართველომ ახლახან მიიღო ახალი კანონი სამოქალაქო თავდაცვასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვან სამართლებრივ მიღწევას წარმოადგენს და ეროვნული სამოქალაქო თავდაცვის სისტემის სრულფასოვანი რეფორმის საშუალებას იძლევა. 2017 წლის ბორჯომის ტყის ხანძრის საპასუხოდ, ამ რეფორმის ფარგლებში საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი  სამსახური შეიქმნა.

როდესაც საგანგებო სიტუაციის მასშტაბი ქვეყანაში რეაგირების შესაძლებლობებს აღემატება, ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმი მისი მონაწილე სახელმწიფოებიდან კოორდინირებული დახმარების საშუალებას უზრუნველყოფს. ეს არის ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა და ასევე ისლანდია, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია, სერბეთი და თურქეთი. თანამშრომლობის შეთანხმებების ხელმოწერა სხვა ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო, თანამშრომლობას ოფიციალურ სტატუსს ანიჭებს, რითაც ბუნებრივ და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ კატასტროფებზე ერთობლივ რეაგირებას აძლიერებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მიმართეთ: თამრიკო მიქაძე, პრესის და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

Languages:
Editorial Sections:

Author