ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერი ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ამოქმედდა

თბილისი, 10/07/2018 - 14:00, UNIQUE ID: 180711_12
Press releases

ტექნოპარკში გამართულ ვორკშოპზე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ბიზნეს კლასტერის განვითარების სტრატეგიული მიზნები განიხილეს. ღონისძიების მასპინძელი იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ის  ევროკავშირისა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა საქართველოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერი, რომელიც ოფიციალურად ამ კვირაში დარეგისტრირდება, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

ვორკშოპს საერთაშორისო ექსპერტების გუნდი უძღვებოდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: მარეკ ტიტსი (ბალტიისპირეთის კვლევების ინსტიტუტი), დორის პოლდი (ესტონეთის ICT კლასტერი), რენე ტონისონი და კერტუ ლინგი  (ბალტიის ინოვაციების სააგენტო). ვორკშოპზე განიხილეს კლასტერის განვითარების ინიციატივით შექმნილი შესაძლებლობის გამოყენების, კლასტერის სწორი მიმართულებით წინსვლისა და წევრებს შორის შეთანხმებული პრიორიტეტების მიმართულებით განვითარების საკითხები. უცხოელმა კონსულტანტებმა კლასტერის წევრებს გაუზიარეს თავიანთ მოსაზრებებს მთელ რიგ სტრატეგიულ და ოპერატიულ საკითხებზე, რაც სფეროში მათ მიერ დაგროვილ გამოცდილებასა და ექსპერტიზას ემყარება. მონაწილეებმა განიხილეს კლასტერის ხედვა და მისია, მისი მიზნები 2025 წლამდე პერიოდისთვის და სამოქმედო გეგმა.

საქართველოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერი მიზნად ისახავს სფეროში მოღვაწე კომპანიების, პროფესიონალების, საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლების გაერთიანებას კლასტერის წევრების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და სექტორში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. კლასტერში ამჟამად 11 კომპანია არის გაერთიანებული, რომლებიც ცდილობენ გაზარდონ კლასტერისა და მისი პრიორიტეტების შესახებ ცნობადობა და მოიზიდონ ახალი წევრები.

„საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია სექტორში თანამშრომლობის სტიმულირების თვალსაზრისით. კლასტერი ხელს უწყობს ინდუსტრიის განვითარებას, განსაკუთრებით, მიმდინარე გამოწვევების ფონზე, და ასევე, ქართული ICT სერვისებისა და პროდუქტების ექსპორტს. ეს კი დადებით ეფექტს იქონიებს ეკონომიკაზე და ინოვაციური სტარტაპების შექმნაზე.“ - განაცხადა დავით კიზირიამ, კლასტერის წევრმა და კომპანია „Innovative Systems Management“-ის დამფუძნებელმა.

„ძალზედ მნიშვნელოვანია ICT კლასტერის განვითარების მიმართულებით კარგი საერთაშირისო პრაქტიკის გაზიარება და ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ექსპერტებთან ინტენსიური თანამშრომლობა.“ - აღნიშნა გიორგი მჟავანაძემ, კომპანია „Do So“-ს დამფუძნებელმა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის შექმნის ინიციატივის მხარდამჭერია და მჭიდროდ თანამშრომლობს სექტორში მოქმედ კომპანიებთან. შესაბამისად, კლასტერის წევრებისთვისაც სააგენტო ერთ-ერთ მთავარ სამთავრობო პარტნიორს წარმოადგენს საქართველოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის განვითარების პროცესში.

„კლასტერების ჩამოყალიბება და განვითარება კატალიზატორის როლს ასრულებს მეწარმეობის და ინოვაციების განვითარებაში” - აღნიშნა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ. მან ასევე ხაზი გაუსვა კონკრეტულად ICT კლასტერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „ICT კლასტერი არამხოლოდ ცალკე მდგომი კლასტერია, არამედ ნებისმიერ სხვა კლასტერთან დაკავშირების, მათი მომსახურების შესაძლებლობას იძლევა.” 

 

ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ევროკავშირის ამ ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას,  მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის  შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.eu4business.eu.

მედია კონტაქტი:

თეა კენჭაძე, პროექტის კომუნიკაციის ექსპერტი, GIZ.  +995 577 292646, thea.kentchadze@giz.de

Languages:
რედაქტორის ნაწილი: