Delegation of the European Union to Georgia

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მეთერთმეტე ყოველწლიური დიალოგი გაიმართა

Bruxelles, 27/04/2018 - 14:35, UNIQUE ID: 180427_20
Press releases

2018 წლის 25 აპრილს, ბრიუსელში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ყოველწლიური დიალოგის მეთერთმეტე რაუნდი გაიმართა. დიალოგის ფარგლებში, ღია და კონსტრუქციული დისკუსია შედგა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობისა და საქართველოს მიერ ამ სფეროში სტაბილური წინსვლისთვის განხორციელებული ძალისხმევის, ისევე როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროების ხელშემწყობი ევროკავშირის ვალდებულებებისა და პოლიტიკური ჩარჩოს შესახებ.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის

ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

მეთერთმეტე ყოველწლიური დიალოგი გაიმართა

 

 

ბრიუსელი, 25 აპრილი 2018

 

2018 წლის 25 აპრილს, ბრიუსელში,  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ყოველწლიური დიალოგის მეთერთმეტე რაუნდი გაიმართა. დიალოგის ფარგლებში, ღია და კონსტრუქციული დისკუსია შედგა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობისა და საქართველოს მიერ ამ სფეროში სტაბილური წინსვლისთვის განხორციელებული ძალისხმევის, ისევე როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროების ხელშემწყობი ევროკავშირის ვალდებულებებისა და პოლიტიკური ჩარჩოს შესახებ. აღნიშნული დიალოგი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ,,ასოცირების შესახებ შეთანხმების“ განხორციელების მონიტორინგის პროცესში. 

გასულ წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში  უწყვეტი პროგრესი აღინიშნებოდა. ევროკავშირმა ყურადღება გაამხვილა ეუთოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშზე, რომელშიც 2017 წლის ოქტომბერ–ნოემბერში საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები მთლიანობაში დადებითადაა შეფასებული, და ხაზი გაუსვა არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების ეფექტიანად განხილვისა და მათზე რეაგირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მნიშვნელობას, ასევე, თანაბარი საარჩევნო პირობების  შემდგომ გაუმჯობესებას. მხარეებმა აღნიშნეს მედიის მზარდი თავისუფლება და აქტიურობა, რამაც ხელი შეუწყო მეტი პოლიტიკური დებატის  წარმართვას. ამასთან, ისინი შეთანხმდნენ თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემოსა და პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნების, როგორც არჩევნების დემოკატიულად ჩატარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობის მნიშვნელობაზე. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს ქალებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მეტი მონაწილეობა პოლიტიკაში.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ  აღიარებულ საზღვრებში; ასევე, კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება თებერვალში, ცხინვალში, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით; ასევე, საქართველოს  რეგიონებში – აფხაზეთსა და  ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში –  ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ზოგადი მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების უფლების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ასევე, იმ მუდმივი დაბრკოლებების შესახებ, რომლებიც ექმნებათ იძულებით გადაადგილებულ პირებს თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების განხორციელების პროცესში. ამ შემაშფოთებელ კონტექსტში, ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მოქმედ ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმს, ისევე როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), აუცილებელად უნდა მიეცეს საქართველოს  რეგიონებში – აფხაზეთსა და  ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში დაუბრკოლებელი შესვლის შესაძლებლობა. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაცია ვალდებულია, შეასრულოს  ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული  2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის გაადვილებით და ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობით, სარგებელს მოუტანს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას.

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, რომ გაგრძელდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორცილება, მათ შორის, კერძო სექტორში. დიალოგის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულება რელიგიური აღმსარებლობის, მრწამსის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობის ან რაიმე სხვა ნიშნისდა მიუხედავად. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ განხორციელებულ წინსვლას ეთნიკური უმცირესობების დაცვისა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში და მოუწოდა მთავრობას, გაგრძელდეს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ევროკავშირმა იმედი გამოთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლადშექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, ხელს შეუწყობს სიძულვილით გამოწვეულ დანაშაულზე ეფექტიან რეაგირებას და მოუწოდა მთავრობას, კიდევ უფრო დაიხვეწოს კოორდინაციის მექანიზმი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. 

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ინიციატივებს, რომელიც მიზნად ისახავს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის სტამბოლის კონვენციით“ განსაზღვრული ვალდებულებების იმპლემენტაციას. დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა გაუმჯობესდეს ქვეყნის ინსტიტუციონალური შესაძლებლობები გენდერული საკითხების მხარდასაჭერის მიმართულებით. კერძოდ, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, უფრო აქტიურად გატარდეს ის ღონისძიებები,  რომლებიც უზრუნველყოფს ქალთა და გოგონათა მიმართ განხორციელებული ძალადობის პრევენციას, ძალადობასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებასა და მსხვერპლთა დაცვას.

ევროკავშირმა მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიღებულია, თუმცა აღნიშნა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ შრომის ინსპექცია გახდეს სრულფასოვანი და ახალი კანონი თანდათანობით ეკონომიკის ყველა სექტორზე გავრცელდეს. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააძლიეროს სოციალური დიალოგი ქვეყნის შიგნით და განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან“.

ევროკავშირმა აღნიშნა, რომ წინსვლაა მიღწეული მოწყვლად და სიღარიბეში მყოფ ბავშვთა დაცვის საკითხებში და თხოვნით მიმართა ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ ორსულ ქალთა და ახალშობილთა პირველადი ჯანდაცვის  ხარისხის გასაუმჯობესებლად.

საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია წამებისა და ცუდი მოპყრობის პრევენციის საკითხში. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ამ წინსვლის განმტკიცება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გაგრძელდეს მუშაობა ისეთი საგამოძიებო მექანიზმის მისაღებად, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების სავარაუდო დარღვევებს. 

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოთქვა კმაყოფილება სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობასთან დაკავშირებით იმ პროცესში, რომელიც წინ უძღოდა სახალხო დამცველის დანიშვნას 2017 წლის დეკემბერში. 

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ და კიდევ უფრო განავითარებენ მათ შორის არსებულ კარგ თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, როგორიცაა გაერო, ეუთო და ევროპის საბჭო.

ევროკავშირი დაინტერესდა აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების მიმდინარეობით და მოუწოდა ქართულ მხარეს, გაგრძელდეს საქართველოში მცხოვრებ ადამიანის უფლებათა დამცველთათვის უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველყოფა.

ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გასამართი შეხვედრების წინ სამოქალაქო საზოგადოებასთან  კონსულტაციებს ითვალისწინებს, საქართველოსთან დიალოგის გამართვამდე, ევროკავშირი  შეხვდა ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში მომუშავე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

შეხვედრას ევროკავშირის მხრიდან უძღვებოდა  საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ორმხრივი ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი დირკ შუბელი, ხოლო ქართული მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ დიალოგი გაიმართა მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის 24 აპრილის შეხვედრის შემდეგ. ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ გამართული დიალოგის შემდეგი რაუნდის ჩატარება დაგეგმილია 2019 წელს, ქ. თბილისში.

Խմբագրական բաժիններ:

Հեղինակ