ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

EU4Justice: იურიდიული დახმარების სამსახური აუმჯობესებს მოქალაქეთა მომსახურებას და აძლიერებს ადვოკატთა მხარდაჭერას

თბილისი, 30/01/2018 - 12:40, UNIQUE ID: 180130_6
Press releases

2018 წლის 30 იანვარს გაიხსნა საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის განახლებული ადმინისტრაციული ოფისი თბილისში და შედგა ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია, რაც გაუმჯობესებულ მომსახურებას უზრუნველყოფს როგორც იურიდიული დახმარების მიმღები პირებისათვის, ასევე იურისტებისთვის.

იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციული ოფისის გახსნას ესწრებოდნენ ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, იანოშ ჰერმანი - ევროკავშირის (EU) ელჩი საქართველოში, და ნილს სკოტი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში.

ღონისძიებაში ასევე მიიღეს მონაწილეობა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებმა.

„იურიდიული დახმარების სამსახური წელიწადში საშუალოდ 30 ათას ადამიანს ემსახურება და იურიდიული დახმარების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია საქართველოში. განახლებული ინფრასტრუქტურისა და ახალი ვებ-გვერდით მომსახურების პირობებში გაიზრდება მისი საქმიანობის ხარისხი და ეფექტურობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მელიტონ ბენიძემ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იურიდიული დახმარების მნიშვნელობას ხელმისაწვდომი მართლმსაჯულებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების  განხორციელებისათვის. მან ასევე ისაუბრა იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც შეიქმნება იურიდიული დახმარების სამსახურის განახლებული წარმომადგენლობისა და ვებ-გვერდის გახსნის შედეგად.

„ჩვენი ახალი ადმინისტრაციული ოფისი მოემსახურება იურიდიული დახმარების კონსულტანტებსა და ადვოკატებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა პროფესიული ტრენინგი, მონიტორინგი და შეფასება, სტრატეგიული განვითარება. ახალი ვებ-გვერდი შექმნილია იურიდიული დახმარების მიმღებთა ყველა ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით. მასზე განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც ეთნიკური და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“, - თქვა მელიტონ ბენიძემ.

იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციული ოფისისა და ახალი ვებ-გვერდის გახსნა დაასრულებს ინფრასტრუქტურული განახლების ციკლს, რომელმაც იურიდიული დახმარების სამსახურის 12 ბიურო და 7 საკონსულტაციო ცენტრი მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონში. ამ საქმიანობის დიდი ნაწილი განხორციელდა ევროკაშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ევროკავშირის უფრო ფართო პროგრამის EU4Justice („მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“)  ფარგლებში.

იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციული ოფისის გახსნაზე, იანოშ ჰერმანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ხაზი გაუსვა ევროკავშირის აქტიურ ხელშეწყობას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისა და განვითარების მიმართ.

„ევროკავშირი დიდი ხანია და სხვადასხვა გზით ეხმარება საქართველოს მართლმსაჯულების სექტორს. ჩვენი ხელშეწყობის მთავარი მიზანია ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების უზრუნველყობა მათთვის,  ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება - მოწყვლადი ჯგუფებისათვის“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.  

ევროკავშირის პროგრამა EU4Justice, რომლის ბიუჯეტი 50 მილიონ ევროს შეადგენს, საქართველოსა და ევროკავშირის ჩარჩო თანამშრომლობის ნაწილია. პროგრამის მხარდაჭერით სარგებლობენ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემის ინსტიტუციები და ასევე იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იურიდიული დახმარების მიმწოდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტთან.   

საკონტაქტო ინფორმაცია:  

  • ნინო ჩუტკერაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახური, +995 577 400675, nchutkerashvili@legalaid.ge 
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org 
  • თეიკო კანდელაკი, UNDP საქართველო, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu
Languages:
რედაქტორის ნაწილი: