Delegation of the European Union to Georgia

ოკეანეებისა და ზღვების უსაფრთხოებისა და სიჯანსაღისთვის ევროკავშირი 560 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს – მე–4 საერთაშორისო კონფერენცია ,,ჩვენი ოკეანე“

მალტა, 09/10/2017 - 15:20, UNIQUE ID: 171010_38
Press releases

შავი ზღვაც მიიღებს კონკრეტულ სარგებელს ნავთობით დაბინძურებისა და კომერციული თევზჭერის სატელიტური მონიტორინგის შედეგად

ევროკავშირმა პირველად უმასპინძლა  საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით ,,ჩვენი ოკეანე,“  რომელიც 5-6 ოქტომბერს ჩატარდა მალტაში. ევროკავშირისა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო მოთამაშეების – სულ 112 ქვეყანა – მიერ მალტაში გაცხადებული დახმარების ოდენობამ 6 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ გამოაცხადა ევროკავშირის მიერ 560 მილიონი ევროს (1.5 მილიარდი ლარი) ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ, რომელიც 36 კონკრეტულ ღონისძიებას მოხმარდება და დაიცავს მსოფლიო ოკეანეებისა და ზღვების უვნებლობასა და სიჯანსაღეს.  ეს ღონისიებები გულისხმობს საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცებას, დაბინძურების შემცირებას, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას და მსოფლიო ოკეანეებისა და ზღვების დაცვას. სრული ნუსხა იხილეთ ბმულზე http://europa.eu/rapid/press-release_MEMO-17-3588_en.htm

კონფერენციის გახსნაზე  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ თქვა: ,,ზღვა ყველასთვის საერთოა, მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ მას ,,ჩვენს ოკეანეს“ ვუწოდებთ,  რადგან ის მთელს კაცობრიობას ეკუთვნის, თითოეულ ადამიანს. ყველა ჩვენგანი ვალდებულია, დაიცვას და შეინარჩუნოს ის, რაც საერთოა – დაიცვას, როგორც განძი და თავიდან აიცილოს მისი საფთრხედ გადაქცევა.“

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებების დიდი ნაწილი მთელი მსოფლიოსთვისაა განკუთვნილი, ზოგიერთი მათგანი საქართველოზეც იქონიებს გავლენას – გამოყოფილი თანხიდან 4 მილიონი ევრო (დაახლოებით 11,5 მილიონი ლარი) ინვესტირებული იქნება ევროკავშირის სატელიტური მონიტორინგის პროგრამაში (კოპერნიკუსი), რომლის მიზანია ზღვებისა და ოკეანეების – შავი ზღვის ჩათვლით – ნავთობით  დაბინძურებისა და კომერციული თევზჭერის სატელიტური მონიტორინგი.   

ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა აღნიშნა: ,,ევროკავშირი გარემოს დაცვის საკითხებში მსოფლიო ლიდერია. ამის ნათელი მაგალითია 560 მილიონი ევრო, რომლის გამოყოფის შესახებ ევროკავშირმა განაცხადა კონფერენციაზე ,,ჩვენი ოკეანე.“  შავი ზღვის სატელიტური მონიტორინგის შესახებ გადაწყვეტილება ერთ–ერთია იმ გარემოსდაცვით ინიციატივებს შორის, რომლებსაც ევროკავშირი უკვე ახორციელებს და რომლებიც ეხმარება საქართველოს უფრო სუფთა მომავლის უზრუნველყოფაში.“

ზემოხსენებული ინიციატივა დაემატება ევროკავშირის მიერ შავი ზღვისთვის გამოყოფილ დახმარებას, რომელიც  პროექტის EMBLAS ფარგლებში ხორციელდება და წარმოადგენს ევროკავშირის, საქართველოს, უკრაინის და რუსეთის ერთობლივ ძალისხმევას, დაიცვას და გააჯანსაღოს შავი ზღვა.  პროექტის შესახებ ინფორმაცია და პუბლიკაციები იხილეთ ბმულზე http://emblasproject.org/

თავდაპირველი ინფორმაცია:

კონფერენცია ,,ჩვენი ოკეანეს“ მიზანია ერთობლივი გადაწყვეტის მოძიება და ფართომასშტაბიანი ინიციატივების წამოყენება ოკეანეების კონსერვაციის და მდგრადი განვითარების მიზნით. ამ კონფერენციას ევროკავშირის სახელით   უმასპინძლეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარმა ველამ. მას  დაესწრო ევროკომისიის პირველი ვიცე პრეზიდენტი ტიმერმანსი და ევროკომისარი ველა.

კონფერენციის ბმული: https://ourocean2017.org/

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: თამარ მიქაძე, პრესის და ინფორმაციის სამსახური, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

Languages:
Secțiuni editoriale: