Delegation of the European Union to Georgia

ევროკავშირი საქართველოს 45 მილიონამდე ევროს (130 მილიონი ლარი) მოცულობის ახალ მაკრო-ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს

ბრუქსელი, 29/09/2017 - 15:14, UNIQUE ID: 170929_13
Press releases

დღეს, ევროკომისია საქართველოს 45 მილიონამდე ევროს მოცულობის ახალ მაკრო-ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს. ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, გამოყოფილი მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს დაფაროს საკუთარი საგარეო ფინანსურ საჭიროებათა ნაწილი.

საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს ეკონომიკური რეფორმების მხრივ, თუმცა მისი მაკრო-ეკონომიკური პერსპექტივა კვლავ მოწყვლადია. ქვეყნის ეკონომიკა დაუცველია მერყევი ეკონომიკური პერსპექტივის წინაშე რეგიონულ და გლობალურ დონეზე, ხოლო მისი საერთაშორისო რეზერვები ჯერჯერობით საკმარისი არ არის, განსაკუთრებით ქვეყნის საგარეო ვალის გამო. ამ მდგომარეობამ უბიძგა ევროკავშირს განეხილა მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის შეთავაზება ქვეყნისთვის.

პიერ მოსკოვიცმა, ევროკომისარმა ეკონომიკის, ფინანსურ, საგადასახადო და საბაჟოს საკითხებში განაცხადა: "დღევანდელი წინადადება დამატებითი დახმარების შესახებ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანია. საქართველო განაგრძობს ეკონომიკურ გარდაქმნას, ხოლო ჩვენ ვეხმარებით ქვეყანას შეინარჩუნოს მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობა და განაგრძოს რეფორმების პროცესი, რაც უფრო ძლიერი და ინკლუზიური ზრდის მისაღწევადაა საჭირო."

შემოთავაზებული მაკრო-ფინანსური მხარდაჭერა დაემატება საქართველოს მიერ შეთანხმებულ პროგრამას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელიც 2017 წლის 12 აპრილს დამტკიცდა. დამტკიცების შემთხვევაში, მთლიანი 45 მილიონი ევროდან (დაახლოებით 130 მილიონი ლარი), 10 მილიონი გამოყოფილ იქნება გრანტების სახით ხოლო 35 მილიონ ევრომდე საშუალოვადიან სესხებად ხელსაყრელი საფინანსო პირობებით. ეს დაეხმარება ქვეყანას შეამციროს ეკონომიკის გაურკვევლობის ფაქტორები მოკლევადიან საგადამხდელო ბალანსთან და ფისკალურ საკითხებთან მიმართებაში.

შემოთავაზებული პროგრამის ფარგლებში თანხების გამოყოფა მკაცრად იქნება დამოკიდებული კონკრეტული პოლიტიკის გატარებაზე, რაზეც საქართველო და ევროკავშირი შეთანხმდებიან. შეთანხმება აისახება ურთიერთგაგების მემორანდუმში. თანხების გამოყოფა ასევე დამოკიდებული იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში მიღწეულ დადებით წინსვლაზე. განსახორციელებელი პოლიტიკის პირობების მიზანი იქნება საქართველოს ეკონომიკის სუსტი მხარეების გამოსწორება. ისინი ასევე ხელს შეუწყობენ იმ რეფორმებს, რომლებიც შეთანხმებულია ევროკავშირის საბიუჯეტო და სხვა სახის მხარდამჭერი ოპერაციების ფარგლებში, ისევე როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაში, რომელიც ითვალისწინებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას.

 

ზოგადი ინფორმაცია

მაკრო-ფინანსური მხარდაჭერა

მაკრო-ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის კრიზისებზე რეაგირების განსაკუთრებული ინსტრუმენტია, რომელიც განკუთვნილია ევროკავშირის მეზობელი პარტნიორი ქვეყნებისთვის. იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაწეული მხარდაჭერის დანამატია. მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის სესხები ფინანსდება ევროკავშირის მიერ კაპიტალური ბაზრებიდან აღებული სესხით. სახსრები შემდეგ იგივე საფინანსო პირობებით სესხის სახით გაიცემა ბენეფიციარ ქვეყნებზე. მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის გრანტები ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

საქართველოსთვის შემოთავაზებული მაკრო-ფინანსური მხარდაჭერა ემატება ახალ პროგრამას, რომელზე შეთანხმებასაც მიაღწია ქვეყანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და 2018 წელს ორ ეტაპად გადმოირიცხება.

ახალი მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის ოპერაცია მესამეა 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან საქართველოს სამხედრო კონფლიქტის შემდეგ. 2008 წლის ოქტომბერში, ბრიუსელში, საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე ევროკავშირმა გასცა დაპირება ორი მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის ოპერაციის შესახებ, რომელთაგან თითოეულის მოცულობა 46 მილიონი ევრო იყო. ამ ორი ოპერაციიდან პირველი (46 მილიონი ევრო, მთლიანად გრანტის სახით) განხორციელდა 2009-2010 წლებში, ხოლო მეორე (ასევე 46 მილიონი ევრო, ნახევარი გრანტის და ნახევარი სესხის სახით) – 2015-2017 წლებში. მეორე ოპერაციის ბოლო ტრანში გამოიყო 2017 წლის მაისში.

 

დამატებითი ინფორმაცია:

ძველი მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის ოპერაციები

დეტალური ინფორმაცია საქართველოსთვის გამოყოფილი მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის შესახებ

დამატებითი ინფორმაციისთვის, მიმართეთ: თამრიკო მიქაძე, პრესის და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

 

Bộ phận Biên tập: