ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

სტეფანწმინდაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ყაზბეგის განვითარების ჯგუფი“ მიღწევების პრეზენტაცია შედგა

სტეფანწმინდა, 27/09/2017 - 14:00, UNIQUE ID: 170929_7
Press releases

27 სექტემბერს, სტეფანწმინდაში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტის „ყაზბეგის განვითარების ჯგუფი“ ორწლიანი საქმიანობის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

პროექტს, ყაზბეგის რეგიონში, სოფლის განვითარების ევროპული მოდელის - LEADER მიდგომის დანერგვით, წვლილი შეაქვს სიღარიბის შემცირებაში და მხარს უჭერს ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობითი მექანიზმების დანერგვას. მცირე გრანტების ფარგლებში მხარდაჭერილი ინდივიდუალური ბიზნეს ინიციატივები წარმოადგენენ პოზიტიურ მოდელებს, რომელთაც მაღალმთიან რეგიონში ინოვაცია შეაქვთ და ადგილობრივების ცხოვრების დონეს აუმჯობოსებენ.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა ორგანიზაცია PIN-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ქ-ნ ლორენ გაუნიმ და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ბ-ნ ლევან ზაუტაშვილმა. სტუმრებს პროექტის შედეგები გააცნო ყაზბეგში ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერმა ქ-ნ სალომე ბაკაშვილმა.

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, PIN-ის მიერ განხორციელდა აქტიური საინფორმაციო კამპანია, ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) და შემუშავდა მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მომდევნო ეტაპზე, სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, PIN-ის მიერ გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრა სულ 63 ინიციატივას დაუმტკიცდა, მათ შორის: 7 სოფლის მეურნეობის, 33 ტურიზმისა და სხვა არა სასოფლო-სამეურნეო, 12 საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის, 11 განათლების, სპორტისა და კულტურის სექტორში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და მუნიციპალური მთავრობის, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, ასევე პროექტის ბენეფიციარები და სხვა დაინტერესებული მხარეები. წარმოდგენილი იყო ყაზბეგის განვითარების ჯგუფის ბენფეციარების მიერ მომზადებული სხვადასხვა პროდუქტებისა და სერვისების გამოფენა. ასევე, ნაჩვენები იყო ფილმი ყაზბეგის განვითარების ჯგუფის შესახებ.

ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება.  2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო  პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD- ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს – www.enpard.ge  

 
საკონტაქტო პირები:
  • რამაზ ჭიჭინაძე, PIN-ის კომუნიკაციების ოფიცერი, +995 555 98 09 00, ramaz.chichinadze@peopleinneed.cz
·თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, +995 595 98 99 16, tamar.k@actionprgroup.com
Languages:
რედაქტორის ნაწილი: