Delegation of the European Union to Georgia

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვრის მართვის ხელშეწყობა

თბილისი, 25/09/2017 - 08:29, UNIQUE ID: 170925_1
Press releases

ევროკავშირმა, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებმა შეაჯამეს სამწლიანი ინიციატივის შედეგები, რომლის მიზანიც იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის გაუმჯობესება.

პროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია 2017 წლის 25 სექტემბერს თბილისში გაიმართა. მას ესწრებოდნენ აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის მართვის უწყებების ხელმძღვანელები, ევროპული ქვეყნების, ავსტრიისა და რუმინეთის საზღვრის მართვის უწყებათა ხელმძღვანელები, აგრეთვე. ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეთა წინაშე სიტყვით წარსდგნენ კარლო ნატალე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე; ნილს სკოტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში; ლევან ჭაბუკიანი, საქართველოს შინაგან  საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; და ფარჰად თაღიზადა, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.

„აზერბაიჯანსა და საქართველოში განხორციელებული ინიციატივა სამხრეთ კავკასიისადმი ევროკავშირის უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილია, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ჩვენ ამ ქვეყნებს ვეხმარებით საზღვრის ერთიანი მართვის დანერგვაში, რაც კონტრაბანდისა და ტრეფიკინგის შემცირების, საზღვრებზე ხალხის შეუფერხებელი გადაადგილებისა და როგორც რეგიონული, აგრეთვე გლობალური თანამშრომლობის გაღრმავების ეფექტურ გზას წარმოადგენს“, - განაცხადა კარლო ნატალემ.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა, ნილს სკოტმა, ხაზი გაუსვა რეგიონში მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად ღია, მაგრამ ამავდროულად დაცული საზღვრების მნიშვნელობას.

„თანამედროვე საზღვრები ემსახურება ხალხის ინტერესს და კარს უხსნის ახალ ბაზრებს, ვაჭრობას, ტურიზმს, განათლებას, ხალხისა და საქონლის თავისუფალ გადაადგილებას, ისევე როგორც ეკონომიკურ თანამშრომლობას რეგიონის მასშტაბით," - განაცხადა ნილს სკოტმა.

პროგრამამ, რომლის ბიუჯეტი 5 მილიონ ევროს აღემატებოდა, საზღვრის მართვის უამრავი სფერო მოიცვა, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარზე შეთანხმებული მოქმედება, საზღვრის მართვის უწყებათა საქმიანობის გაუმჯობესება, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერება და მთლიანობაში, უსაფრთხოების გაზრდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

UNDP საქართველო

სოფო ჭიჭინაძე

+995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org

მაგდა ნოვაკოვსკა

+995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org

 

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

თამრიკო მიქაძე, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu  

 

Languages:
Secțiuni editoriale: