THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მაროშ შევჩოვიჩმა ბათუმის კონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირი-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა

14.07.2017
Teaser

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მაროშ შევჩოვიჩი, რომელიც პასუხისმგებელია "ენერგეტიკულ კავშირზე", ბათუმს ეწვია ყოველწლიურ მაღალი დონის კონფერენციაში - "საქართველოს ევროპული გზა" - მონაწილეობის მისაღებად და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ფართომასშტაბიანი მდგრადი ენერგეტიკული პროექტების ხელმოწერის აღსანიშნავად. მან ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან.

Main Image
Text

ვიზიტის დაწყებამდე, ენერგეტიკული კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, მაროშ შევჩოვიჩმა განაცხადა: "ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის ძირითად დოკუმენტებთან ენერგეტიკის სფეროში. ამ მხრივ, მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ ენერგეტიკულ თანამეგობრობაში მიღების ოქმის რატიფიცირებას. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რაც ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დროულ და შესაფერის განხორციელებას შეუწყობს ხელს. მივესალმები ყველა ძალისხმევას, რაც ნაკისრი ვალდებულებების ყოვლისმომცველ განხორციელებას უზრუნველყოფს. ამასთანავე, საქართველო საკვანძო სატრანზიტო როლს ასრულებს სამხრეთის გაზის დერეფნის გახსნაში. ევროკავშირისა და საქართველოსთვის სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის დროულ განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც მის შემდგომ გაფართოებას სხვა მომწოდებელი ქვეყნების მიმართულებით."

კონფერენციის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტმა ასევე მონაწილეობა მიიღო მომავალი მდგრადი ენერგეტიკის პროექტების ხელმოწერის ცერემონიაში, რითაც ხაზი გაესვა ევროკავშირის მხარდაჭერის პრაქტიკულ სარგებელს საქართველოს მოქალაქეებისათვის. მაგალითად, ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ხელი მოაწერა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სასესხო შეთანხმებას, რომლის მოცულობა 680 მილიონ ლარს (253.5 მილიონი ევრო) აღემატება და მოხმარდება როგორც მნიშვნელოვანი ენგური-ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციას, ასევე 250 კმ-ზე მეტი სიგრძის გზების აღდგენას.

ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შევჩოვიჩი ასევე დაესწრო ხელმოწერის ცერემონიას ბათუმში, რომელიც ახალი ელექტრო ავტობუსების შეძენას უკავშირდება. ამით, ბათუმი გახდება პირველი ქალაქი სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც ელექტრო მანქანები დანერგა საჯარო ტრანსპორტში. E5P ფონდის მეშვეობით ევროკავშირის მხარდაჭერის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხის წყალობით, მალე ბათუმი მიიღებს 10 ელექტრო ავტობუსს, რომლებიც შავი ზღვის პოპულარული კურორტის მთავარ მარშრუტებზე იმოძრავებს.

Post category
News stories
Editorial sections
Georgia