Delegation of the European Union to Georgia

ევროკავშირი ხელს უწყობს ენერგეტიკული ბაზრის გაუმჯობესებულ მონიტორინგს საქართველოში

Tbilisi, 29/06/2017 - 02:00, UNIQUE ID: 170706_4
Press releases

პირველი დისკუსიები ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის შესახებ დაიწყო ევროკავშირის მიერ 1 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს, ავსტრიისა და ლიტვის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყებების თანამშრომლობით, საქართველოში ინვესტორებისა და საბოლოო მომხმარებლებისათვის უკეთესი და გამჭვირვალე პირობების შექმნის მიზნით.

ხუთშაბათს, 2017 წლის 29 ივნისს, ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეები მიწვეულნი იყვნენ დისკუსიაზე „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში, დაძმობილების პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაძლებლობების გაძლიერება ხარჯების მარეგულირებელ აუდიტსა და ბაზრის მონიტორინგში“. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ და მისი ბიუჯეტი შეადგენს 1 მლნ ევროს.

აღნიშნული ღონისძიების დროს, რომელიც ჩატარდა თბილისში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობაში, ავსტრიის ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი უწყების კონკურენციისა და რეგულირების დეპარტამენტის დირექტორმა და უფროსმა ეკონომისტმა ბატონმა იოჰანეს მაიერმა განაცხადა, რომ ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრობის ფარგლებში საქართველოს გააჩნია ევროკავშირის მარეგულირებელი ჩარჩოს დანერგვის ვალდებულება. დირექტივაში 72/2009 მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ეროვნულ მარეგულირებელ უწყებებს გააჩნიათ ბაზრის მონიტორინგის ვალდებულება და შესაბამისად მათ შეუძლიათ მოითხოვონ ნებისმიერი სათანადო ინფორმაციის წარდგენა ელექტროენერგიის მწარმოებლებისაგან. ბაზრის პირობების, მის მონაწილეთა მიერ წესების დაცვის და ბაზრის ფუნქციონირების მონიტორინგი საშუალებას აძლებს მარეგულირებელ უწყებებს უკეთ გაიგონ, თუ რა ხდება ბაზარზე და შესაბამისად შექმნან საგანგებოდ ადაპტირებული მარეგულირებელი ჩარჩო. აღნიშნულის შედეგად, ბაზრის ყველა მონაწილე, საბოლოო მომხმარებელთა ჩათვლით, მიიღებს ისეთ სარგებელს, როგორიცაა გაუმჯობესებული გამჭვირვალობა, მიწოდების უსაფრთხოება და ბაზრის ეფექტური ფუნქციონირება.            

ავსტრიის ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი უწყების წამყვანმა ეკონომისტმა, ბატონმა კლემენს ვაგნერ-ბრუშაკმა წარადგინა საქართველოში ბაზრის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რომელთა ძირითადი ფოკუსიც მოიცავდა მონაცემთა შეგროვებას, იურიდიულ ჩარჩოს, მხარეთა ვალდებულებებს, ბაზრის მონიტორინგის ინდიკატორებს. საწარმოების მიწვეული წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და დასვეს შეკითხვები ავსტრიულ და ევროპულ მიდგომებთან დაკავშირებით.             

ბაზრის მონაწილეებს ექნებათ კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ წარადგინონ საკუთარი რეკომენდაციები და წინადადებები ბაზრის მონიტორინგთან დაკავშირებით, საჯარო კონსულტირების ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება 2017 წლის ივლისში. 

დაძმობილების პროექტს ეწოდება ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაძლებლობების გაძლიერება ხარჯების მარეგულირებელ აუდიტსა და ბაზრის მონიტორინგში“. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ და მისი ბიუჯეტი შეადგენს 1 მლნ ევროს; პროექტის ხანგრძლივობაა 21 თვე და იგი დასრულდება 2017 წლის ოქტომბერში. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ავსტრიის ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი უწყება და ლიტვის ეროვნული მარეგულირებელი უწყება.

Languages:
Редакционные разделы :