ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა გლობალური კლიმატის ქმედებებით

Bruxelles, 23/06/2017 - 02:00, UNIQUE ID: 170626_5
Joint Statements

პარიზის შეთანხმებით, მთელმა მსოფლიომ გადაწყვიტა პასუხისმგებლობა აეღო საკუთარ აწმყოსა და მომავალზე, რითაც იკისრა თვით სიცოცხლის წყაროს - ჩვენი პლანეტისა და გარემოს დაცვა. კლიმატის ცვლილების შეთანხმება აქამდე არნახული მრავალმხრივი პარტნიორობაა თითქმის 200 ქვეყანას შორის და მიზნად ისახავს იმ პრობლემის გადაჭრას, რომლის წინაშეც ყველანი ვდგავართ. მას მხარს უჭერს უამრავი კომპანია და თემი მთელ მსოფლიოში. მსგავს გამოწვევასთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი და დასაწყისიდანვე, ევროპა ამ კოლექტიური ჩართულობის მოთავე იყო.

პარიზის შეთანხმებით, მთელმა მსოფლიომ გადაწყვიტა პასუხისმგებლობა აეღო საკუთარ აწმყოსა და მომავალზე, რითაც იკისრა თვით სიცოცხლის წყაროს - ჩვენი პლანეტისა და გარემოს დაცვა. კლიმატის ცვლილების შეთანხმება აქამდე არნახული მრავალმხრივი პარტნიორობაა თითქმის 200 ქვეყანას შორის და მიზნად ისახავს იმ პრობლემის გადაჭრას, რომლის წინაშეც ყველანი ვდგავართ. მას მხარს უჭერს უამრავი კომპანია და თემი მთელ მსოფლიოში. მსგავს გამოწვევასთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი და დასაწყისიდანვე, ევროპა ამ კოლექტიური ჩართულობის მოთავე იყო.

თანდათან ყველა აღიარებს, რომ ერთობლივი მოქმედება ერთადერთი გზაა. დღეს, უწინდელზე მეტად, ევროპა ამ ნიშანდობლივი შეთანხმების ერთგულია და მისი განხორციელებისთვის გზას კვალავს, როგორც ქმედითი კლიმატის პოლიტიკის, ასევე გაძლიერებული თანამშრომლობის მეშვეობით და მჭიდრო პარტნიორობის დამყარებით; აგრეთვე, საზოგადოების ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ნაწილის მუდმივი მხარდაჭერით: ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი იცვლის საცხოვრებელს, ან უკიდურეს გაჭირვებაში ვარდება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გვალვებისა და წყალდიდობების გამო. ევროპისთვის კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და მრავალმხრივი თანამონაწილეობის, ისევე როგორც უსაფრთხოების, კონფლიქტებისა და თვით რადიკალიზაციის პრევენციის საკითხია.

სწორედ ამიტომ, ევროკავშირი არ გადასინჯავს პარიზის შეთანხმების პირობებს. მასზე მოლაპარაკებებმა უკვე წაგვართვა 20 წელი. ახლა მოქმედების დროა და მთელი მსოფლიოსთვის პრიორიტეტი მისი განხორციელებაა.

კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისას თვალი მომავალზე გვიჭირავს, თუმცა აწმყოსთვისაც უთვალავ შესაძლებლობას ვქმნით; იგი მდგომარეობს წარმოებისა და მოხმარების უკეთესი მეთოდების შემუშავებაში, ინვესტიციებისა და ვაჭრობისთვის ახალი გზების მიგნებაში, ასევე სიცოცხლის, ქონებისა და საარსებო საშუალებათა დაცვაში, როგორც თითოეული ადამიანისთვის, ისე მთელი პლანეტისთვის.

დაბალი ემისიის და მოქნილი კლიმატის მქონე მომავლისაკენ გლობალური გარდაქმნის დასაჩქარებლად, დავიწყეთ არსებული პარტნიორობის გაძლიერება და ახალი კავშირების დამყარება, როგორც მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან, ისე ყველაზე მოწყვლად კუნძულ-სახელმწიფოებთან; რადგან არქტიკიდან საჰელამდე, კლიმატის ცვლილება დღევანდელი რეალობაა და არა მომავლის შორეული ცნება.

ველით, რომ თითოეული ქვეყანა შეასრულებს პარიზის შეთანხმებას და სიტყვებს ქმედებად აქცევს კლიმატის ეროვნული გეგმების აღსრულებით და დროთა განმავლობაში ძალისხმევის კიდევ უფრო გაძლიერებით. ამ გეგმებმა უნდა მიიღოს კონკრეტული, პრაქტიკაში გამოყენებადი პოლიტიკისა და ზომების სახე - თანაც დაუყოვნებლივ.

ევროკავშირი უკვე ამთავრებს  საკანონმდებლო და მარეგულირებელ ჩარჩოზე მუშაობას, რაც პარიზის შეთანხმებით დასახული მიზნის მისაღწევადაა საჭირო და ითვალისწინებს 2030 წლამდე ემისიების შემცირებას სულ მცირე 40%-ით 1990 წლის მონაცემებთან შედარებით. ჩვენი საკანონმდებლო აქტები ეკონომიკის ყველა დარგს მოიცავს, ხოლო ენერგოეფექტურობას წინა პლანზე ვაყენებთ და მთელი გაერთიანების მასშტაბით განახლებადი ენერგიის გამოყენებას ვუწყობთ ხელს.

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა ეკონომიკური ზრდის საწინდარია. მაგალითისთვის, ევროკავშირის შემთხვევა ავიღოთ: 1990 წლის შემდეგ, ჩვენი ემისიები 22%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი 50%-ით გაიზარდა. ამ ხნის განმავლობაში შევქმენით ახალი სამუშაო ადგილები, ბიზნესები და ტექნოლოგიები. ჩვენს ეკონომიკებს მომავლისთვის ვამზადებთ და ამასთანავე, ვეხმარებით საზოგადოებას კლიმატის ცვლილების მიმართ უფრო მოქნილი გახდეს, რისი მიზანიც არსებული და სამომავლო რისკების შემცირებაა.

კლიმატის ამბიციური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში ორ ათწლეულზე მეტი ხნის გამოცდილება გვაქვს და მზად ვართ დაგროვებული ცოდნა სხვებსაც გავუზიაროთ. შემთხვევითობა არაა, რომ უკვე წამოვიწყეთ ფართო თანამშრომლობა საკვანძო პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში კლიმატის პოლიტიკის საკითხებზე. აგრეთვე გავაგრძელებთ საკმაოდ დიდი ფინანსების გამოყოფას პარტნიორი ქვეყნებისთვის კლიმატთან დაკავშირებულ ქმედებათა მხარდასაჭერად. მხოლოდ 2015 წელს, ევროკავშირის დახმარება 17.6 მილიარდ ევროს გაუტოლდა.

სულ რამდენიმე თვეში, მიმდინარე წლის ნოემბერში, ქვეყნები შეიკრიბებიან ბონში, გაეროს კლიმატის მომდევნო კონფერენციაზე – COP23 – და გააგრძელებენ პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად საჭირო სამუშაო პროგრამის დახვეწას. მომავალ წელს გასამართი ხელშემწყობი დიალოგი, რომელიც გაეროს კლიმატის პროცესის ნაწილია, იქნება პირველი შესაძლებლობა პარიზის შეხვედრის შემდეგ, გლობალური დათბობის შემცირების მიზნით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გადასასინჯად და იმის შესაფასებლად, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

და მაინც, ეს ისეთი გამოწვევაა, რომლის გადალახვა მოხერხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება მაქსიმალური ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესების, ადგილობრივი თემების, ქალაქების და რეგიონებისა. აღსანიშნავია, რომ ამ აქტორების მხრიდან არნახული მოცულობისა და მასშტაბის ქმედებათა მომსწრენი ვართ. ჩვენ, როგორც ინსტიტუტებს, შეგვიძლია დავგეგმოთ და მხარი დავუჭიროთ გარემოს გადარჩენისათვის საჭირო სტრატეგიებს, თუმცა პოლიტიკის ქმედებათა და შედეგებად გარდაქმნის საქმეში სწორედ ისინი ასრულებენ გადამწყვეტ როლს. ევროკავშირის ახალი "კონსენსუსი განვითარებაზე" აქტიურად ახალისებს ამ როლს. თითოეული მონაწილის მეტი თანამშრომლობა და შეთანხმებული მოქმედება მნიშვნელოვანია, უკეთ რომ ვთქვათ – საკვანძო მნიშვნელობისაა; რადგან მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით დავაკმაყოფილებთ იმ ამბიციას, რაც საკუთარ თავს დავუსახეთ, ხოლო შედეგად, შევძლებთ მივიღოთ შეთანხმებული მოქმედების უამრავი სარგებელი: ნაკლები ემისიები, მეტი ენერგო უსაფრთხოება და ენერგოეფექტურობა, ინოვაციაზე დაფუძნებული ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, უფრო მოქნილი საზოგადოება და უკეთესი გარემო.

პარიზის შეთანხმება გადამწყვეტი პასუხი იყო იმ გლობალური გამოწვევისადმი, რასაც ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის პლანეტის გადარჩენა ჰქვია. ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი არა მხოლოდ განახორციელოს პარიზის შეთანხმება, არამედ შექმნას მყარი გლობალური პარტნიორობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ დიპლომატიამ და მრავალმხრივმა ურთიერთობებმა ნამდვილი, ხელშესახები შედეგები მოუტანოს ჩვენს ხალხს. მთელს მსოფლიოს და ჩვენს პლანეტას, შეუძლია ევროკავშირის იმედი ჰქონდეს.

 

 

ფედერიკა მოგერინი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

 

მიგელ არიას კანიეტე

ევროკომისარი კლიმატისა და ენერგორესურსების საკითხებში

Languages:
რედაქტორის ნაწილი: