Delegation of the European Union to Georgia

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი “ღია მედია-ჰაბი” ატარებს ტრენინგს სიღრმისეულ სატელევიზიო რეპორტაჟების მომზადებაში

Bruxelles, 31/05/2017 - 13:09, UNIQUE ID: 170531_2
Press releases

19-21 და 26-28 ივნისს ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი “ღია მედია-ჰაბი” (“Open Media Hub”) ატარებს ტრენინგს სიღრმისეულ სატელევიზიო რეპორტაჟების მომზადებაში. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ მედიაში მომუშავე 10 ჟურნალისტსა და ოპერატორს.

როგორ მოვყვეთ ადამიანური ისტორიები

რეპორტაჟები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე

ტრენინგი სიღმისეულ სატელევიზიო გაშუქებაში

თბილისი: 19-21, 26-28 ივნისი, 2017

 

მოწვევა 

 

19-21 და 26-28 ივნისს ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი “ღია მედია-ჰაბი” (“Open Media Hub”) ატარებს ტრენინგს სიღრმისეულ სატელევიზიო რეპორტაჟების მომზადებაში. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ მედიაში მომუშავე 10  ჟურნალისტსა და ოპერატორს.

ტრენინგი, რომელიც 6 დღეს გასტანს და დღეში ორი სესიის ჩატარებას ითვალისწინებს, მოიცავს დამოუკიდებელი და ობიექტური ახალი ამბების მომზადების მთელ პროცესს, სარედაქციო მუშაობის, გადაღების, წერის უნარების განვითარებისა და მონტაჟის ჩათვლით. ტრენინგის მიზანია მონაწილეებში გააღვივოს რთული, კომპლექსური ისტორიების გაშუქების ინტერესი და უნარი. რადგან ტრენინგი  ისტორიების შექმნას ითვალისწინებს, ის მოემსახურება უნარების უკეთ განვითარებას რეალური მუშაობის პროცესში; შესაძლებელი იქნება  რეალური რეპორტაჟების მომზადება და იმ მედიაში მათი გაშუქება, სადაც ჟურნალისტები და ოპერატორები მუშაობენ; სიუჟეტები გამოქვეყნდება ასევე “ღია მედია-ჰაბის” პლატფორმაზე.

ტრენინგისას ძირითადი ყურადღება დაეთმობა ადამიანურ ისტორიებს, ასევე იმას, თუ როგორ გავაშუქოთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები, რა გამოწვევებია ამ ურთიერთობებში. სიუჟეტების თემატიკა და ის, თუ რა კუთხით შეიძლება გაშუქდეს კონკრეტული ადამიანური ისტორია, წინასწარ იქნება შეთანხმებული. ტრენინგის მიზანი იქნება საინტერესო ამბებისა და ფორმატების შეთავაზება იმ რედაქციებისთვის, სადაც ჟურნალისტები მუშაობენ. მომზადდება ვიზუალურად  მიმზიდველი და ინფორმაციული  სიუჟეტები.

ტრენინგის კიდევ ერთი ასპექტია “ღია მედია-ჰაბის” პროექტი „20 წლის ვარ” – “Being 20” (1:30). ეს არის მოკლე ისტორიების სერია, რომელიც შეეხება ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნების ახალგაზრდების ცხოვრებასა და მისწრაფებებს. პროექტის განხორციელება ევროკავშირის სამეზობლოს 17-ვე ქვეყანაში იგეგმება. ტრენინგის მონაწილეებს კი შემდეგში შეეძლებათ ნებისმიერი ისტორიისა თუ ისტორიების მთელი სერიის გამოყენება. ასევე, მოგვიანებით მოხდება ამ პლატფორმის ინტეგრირება “ღია მედია-ჰაბის” სხვა პროექტებში - იგეგმება სპეციალური კონკურსების გამოცხადება საუკეთესო ნამუშევრების დასაფინანსებლად.  

სიღრმისეული სატელევიზიო გაშუქების ტრენინგს გაუძღვებიან ტრენერები რობ პარსონსი, ზურაბ კოდალაშვილი, ენტონი ჰედლი და ნინო ჟიჟილაშვილი. მონაწილეებმა თემატიკა წინასწარ “ღია მედია-ჰაბის” კონსულტანტის, რობ პარსონსის რჩევების მიხედვით უნდა მოამზადონ. ტრენინგის დროს მონაწილეებს თან უნდა ჰქონდეთ აპარატურა, მზა პროდუქტი კი მათი არხების ეთერით უნდა გადაიცეს. ასევე, “ღია მედია-ჰაბის” ადგილობრივი და რეგიონული მონაწილეებისთვის სიუჟეტები აიტვირთება ჩვენს ვებ-პლატფორმაზე.

პროექტი “ღია მედია-ჰაბი” მიზნად ისახავს ევროკავშირის სამეზობლოს ქვეყნებში დამოუკიდებელი მედიის განვითარებას - ჟურნალისტებისა და მედია მენეჯერების პროფესიული უნარების გაუმჯობესებას, ეხმარება მათ აუდიოვიზუალური კონტენტისა და ონლაინ მასალების შექმნაში.

პროექტი ხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს Thomson Foundation და რომელშიც შედიან: France Médias Monde, European Journalism Center, Free Press Unlimited.

მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ ვებგვერდს  www.openmediahub.com. განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა 9 ივნისი, 2017, 23:45. უპირატესობით ისარგებლებენ ის მედიასაშუალებები, რომლებსაც “ღია მედია-ჰაბთან” ურთიერთგაგების მემორანდუმი აქვთ გაფორმებული.

Languages:
Editorial Sections: