ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

კონკურსი “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2017” გახსნილად გამოცხადდა

Bruxelles, 03/05/2017 - 13:28, UNIQUE ID: 170503_14
Press releases

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, გახსნილად გამოაცხადა 2017 წლის კონკურსი ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში.”

დღეს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, გახსნილად გამოაცხადა 2017 წლის კონკურსი ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში.”

2012 წელს დაარსებული ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ყოველწლიურად, პრიზები გაიცემა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკაში. დამატებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში მაღალი პროფესიული სტანდარტების და ეთიკური ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ნდობის აღდგენასა და გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

წელს პრიზები შვიდ კატეგორიაში გაიცემა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს ნაშრომები, რომლებიც 2016 წლის 19 ნოემბრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გამოქვეყნდა. საპრიზო კატეგორიებია:

ა. საუკეთესო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;

ბ.საუკეთესო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში; 

გ. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;

დ.საუკეთესო საგამოძიებო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;

ე. საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი, ან თვალსაზრისი / სვეტი ბეჭდურ ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;

ვ. საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;

ზ. კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში).

,,საქართველოში კონკურსი “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” უკვე მეექვსედ ტარდება“, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა. ,,გვიხარია, რომ გასული წლების კონკურსებში გამარჯვებული, გამოცდილი ჟურნალისტების გვარების გვერდით ნაკლებად გამოცდილი, ახალგაზრდა ჟურნალისტების გვარებიც გამოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა ძალისხმევამ, რომელიც საუკეთესო ნაშრომების გამოვლენასა და კარგი ჟურნალისტიკის ხელშეწყობაზეა მიმართული, შედეგი გამოიღო. მოვუწოდებ ჟურნალსიტებს, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში”.

პირველ ექვს კატეგორიაში გამარჯვებულები 1,250 ევროს მიიღებენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში კი ითვალისწინებს ლონდონში, ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ერთთვიან სტაჟირებას.

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 ნოემბერი.სააპლიკაციო ფორმა,კონკურსის წესები და ნამუშევრის წარდგენის პირობების სანახავად ეწვიეთ კონკურსის ვებ-გვერდს www.euprizejournalism.eu ან www.euprizejournalism.ge.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მიმართეთ:

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში

  • თამრიკო მიქაძე, პრესის და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში

  • დეზმონდ დოილი, სპიკერი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, Des.Doyle@eumm.eu
  • ნინო გერზმავა, პროექტის კოორდინატორი, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი, nino@iwpr.net
Languages:
რედაქტორის ნაწილი: