ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ეთნიკური ქართველი და ქისტი ახალგაზრდები თანამშრომლობენ განვითარებისა და დასაქმებისათვის

Tbilisi, 20/04/2017 - 13:12, UNIQUE ID: 170420_6
Press releases

დღეს თბილისში შეიკრიბა 40-ზე მეტი ახალგაზრდა ახმეტადან და პანკისის ხეობიდან. შეხვედრის მიზანი იყო მსჯელობა პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე, დასაქმებასა და ერთობლივი სათემო პროექტების განხორციელებაზე.

ეთნიკური ქართველი და ქისტი ახალგაზრდების შეხვედრის ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია Action Against Hunger, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან თანამშრომლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველმა ლედიმ - მაკა ჩიჩუამ. მონაწილეებს მიესალმნენ ვინსენტ რეი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი, ნათია ნაცვლიშვილი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამების ხელმძღვანელი, და მარსელა მაქსფილდი - Action Against Hunger-ის სამხრეთ კავკასიის მისიის რეგიონული დირექტორი.

ინტერაქტიულ სესიებსა და პრეზენტაციებს გაუძღვნენ ნათია ფანჯიკიძე - ფსიქოლოგი და ბლოგერი, მაია ხოსიტაშვილი - იუსტიციის სასწავლო ცენტრის სოციალური ტრენინგების სამსახურის უფროსი, და გაბრიელ მელივა - ქართული კომპანიის „ფოტორატორი“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი ინიციატივა მიზნად ისახავს ეთნიკურ ქართველებსა და ქისტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ახალგაზრდების დასაქმების მხარდაჭერას. პროექტში გამოიყენება ინოვაციური მეთოდოლოგია Employment Shuttle, რომელიც Action Against Hunger-მა ესპანეთში შეიმუშავა და რომელიც აღიარებულია ევროკომისიის (EC) მიერ, როგორც სოციალური ჩართულობისა და დასაქმების ხელშეწყობის საუკეთესო პრაქტიკა.

დასაქმების პროგრამის 20-კაციანი გუნდი ატარებს პროფესიულ ქოუჩინგს ახალგაზრდებისათვის და ეხმარება მათ იმ უნარებისა და პიროვნული თვისებების გამომუშავებაში, რომელიც დასაქმებისა და თვითდასაქმებისას გამოადგებათ. ხუთთვიანი პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ეფექტური კომუნიკაციის უნარს, გუნდურ მუშაობას, საჯარო გამოსვლებს, მეწარმეობას, პროექტების წერას, კულტურათაშორის ურთიერთობასა და დროის მართვას. ახმეტასა და პანკისის ხეობაში ამჟამად ორი დასაქმების ავტობუსი მუშაობს, ხოლო ახალგაზრდების  შეხვედრები თვეში ორჯერ იმართება. ინიციატივა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება.     

Languages:
რედაქტორის ნაწილი: