ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების სტრატეგია წარადგინა

16/03/2017 - 16:30
News stories

2017 წლის 16 მარტს საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების სტრატეგია წარადგინა. სტრატეგია 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების საკვანძო საკითხებს გასაზღვრავს.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ სოფლის განვითარების სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს სოფლის განვითარების ახალ ხედვას, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეყრდნობა. სოფლის განვითარების სტრატეგიისა და 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.

„სტრატეგიის განხორციელება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას, სამოქალაქო ჩართულობას და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის (EU) ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა, და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა.

„სოფლის განვითარება შექმნის ახალ ეკონომიკურ და სოციალურ შესაძლებლობებს საქართველოს ყველა რეგიონში. ევროკავშირი მოხარულია, ხელი შეუწყოს საქრთველოს მთავრობას სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში“, - განაცხადა ევროკავშირის (EU) ელჩმა.

სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა  საქართველოს მთავრობის ინიციატივით,  ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს ორი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო  პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. საქართველოს მთავრობამ სტრატეგია 2016 წლის დეკემბერში დაამტკიცა.

სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირის დახმარებით (ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ტექნიკური მხარდაჭერით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დაფუძნდა, რომელსაც სათავეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაუდგა. საბჭო კოორდინირებას გაუწევს როგორც სტრატაეგიის განხორციელებას, ასევე კონკრეტულ ინიციატივებს საქართველოს რეგიონებში. 

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება.

2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო  პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.

 

საკონტაქტო პირები:

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, nana.chinchilakashvili@moa.gov.ge, +995 599 502619

  • სოფო ჭიჭინაძე, გაეროსგანვითარების პროგრამის (UNDP) კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელი, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907

  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, tamar.k@actionprgroup.com, +995 595 989916

Languages:
რედაქტორი: