ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირმა, ენერგეტიკულმა გაერთიანებამ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ თბილისში EU4ENERGY-ის რეგიონული ოფისის გახსნა აღნიშნეს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ენერგეტიკული რეფორმების მხარდასაჭერად

Tbilisi, 10/03/2017 - 12:13, UNIQUE ID: 170310_11
Press releases

დღეს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის ოფისი. რეგიონული ოფისი კოორდინაციას გაუწევს პროექტის ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და სარეგულაციო ბაზის გაუმჯობესებას. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადაფინანსებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელნი არიან "ენერგეტიკული გაერთიანების" და "ენერგეტიკული ქარტიის" სამდივნოები.

ცერემონიის გახსნისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, ბატონმა კახა კალაძემ განაცხადა: "ენერგეტიკის მხრივ საქართველოს უკვე განსაზღვრული აქვს თავისი მომავალი და ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან სამი წლის შემდეგ, ვუერთდებით ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებას. გვჯერა, რომ ამ ვალდებულებების საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე გავრცელება და სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად რეფორმატორული ძალისხმევა სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ამ სექტორისთვის, არამედ ასევე დააჩქარებს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე წარმატებასთან დაგვაახლოებს.

თუმცა, საქართველოს ენერგოსექტორში ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის ძირითადი მოთხოვნების შემოღება ხშირად რთული და შეუძლებელიც კია მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. ამ ეტაპზე, მიგვაჩნია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა ევროკავშირის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით, ნაყოფიერ საფუძველს ქმნის სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის განსავითარებლად ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თბილისში EU4ENERGY-ის მმართველობის რეგიონული ოფისის გახსნას, რომელსაც ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო უხელმძღვანელებს".

ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ ძირითად მოხსენებაში ხაზგასმით აღნიშნა:

"EU4ENERGY დაეხმარება საქართველოს ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ემზადება ენერგოსექტორში ევროკავშირის სტანდარტების დასამკვიდრებლად, ამ პროექტის წამოწყება ახლა ყველაზე დროული და მართებულია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისია, თავის პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად საქართველოში იმყოფება გაზრდილი ენერგოეფექტურობის საჭიროების მხარდასაჭერად ახალი შენობების მშენებლობაში, იქნება ეს კერძო თუ საჯარო. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ერთობლივი ძალისხმევა ხელს უწყობს ამ პროცესის წინსვლას, რაც ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის EU4ENERGY პროგრამისთვის ცენტრის როლს შეასრულებს".

ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა, იანეს კოპაჩმა განაცხადა: "ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ბუნებრივი პარტნიორია ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში ენერგეტიკული ბაზრების რეფორმირების ხელშეწყობის საქმეში. საქართველოს შემთხვევაში, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ისწრაფვის მაქსიმალურად გაზარდოს სინერგია EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტსა და სამდივნოს მიმდინარე მხარდაჭერის კუთხით საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებისთვის, რაც სავარაუდოდ წლის ბოლოს მოხდება. პროექტის ღონისძიებები მიმართული იქნება ელექტროენერგიისა და გაზის ბაზრების ლიბერალიზაციისაკენ "მესამე ენერგეტიკული პაკეტის" მიხედვით, ისევე როგორც ენერგოეფექტურობის, გარემოს დაცვის და ნავთობის რეზერვების სფეროში საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებისაკენ, რაც საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს. ამასთანავე, პროექტის მიზანი იქნება ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა საკვანძო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სტრატეგიულ პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებებით გათვალისწინებული რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან პარტნიორობით განხორციელდება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ხალხის ცხოვრების ხარისხს".

EU4ENERGY-ის მმართველობის კომპონენტი 6.8 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. იგი წარმოადგენს EU4ENERGY-ის უფრო ფართო, 21 მილიონი ევროს მოცულობის ინიციატივის ნაწილს, რომელიც ასევე ფარავს ცენტრალური აზიის ქვეყნებს. EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის მიზანია საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემოს განვითარება და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება საკვანძო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის. მეორე რეგიონული ოფისი, რომელიც ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას მოემსახურება, კიევში იმუშავებს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს:

სვიტლანა კარპიშინა, განყოფილების უფროსის მოადგილე / განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ექსპერტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერის განყოფილება, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო

ელ-ფოსტა: Svitlana.Karpyshyna@energy-community.org

ტელ.: (+43) 1 535 22 22 253

 

ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში:

თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ელ-ფოსტა: Tamriko.MIKADZE@eeas.europa.eu

ტელ.: (+995) 32 294 37 63

 

Languages:
რედაქტორის ნაწილი: