ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გადამზადების პროგრამა აღმოსავლეთ საქართველოში დაიწყო

თბილისი, 22/02/2017 - 11:15, UNIQUE ID: 170222_11
Press releases

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს გაძლიერების“ პროექტის განმახორციელებელმა ესპანურმა კომპანიამ EVOLUXER-მა მენეჯერებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებისთვის გადამზადების პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო.

აღნიშნული ფაზის მიმდინარეობისას აღმოსავლეთ საქართველოში: შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში 558 მონაწილე ბიზნეს დაგეგმარების საკითხებს შეისწავლის. ასევე, ტრენინგი ჩაუატარდება 2 ჯგუფს თბილისშიც. ტრენინგისთვის სპეციალური მოდული შემუშავდა, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, კოოპერატივის ორგანიზაციულ სტრუქტურას, დარგში არსებულ მდგომარეობას, ეკონომიკური გარემოს ანალიზს და სახელმწიფო რეგულირების რეჟიმს მოიცავს. გადამზადების აღნიშნული ეტაპი 2017 წლის 4 მარტს დასრულდება. მონაწილეებს ბიზნეს დაგეგმარების სახელმძღავნელოები გადაეცემათ, რომლითაც შემდგომში შეეძლებათ სარგებლობა. კოოპერატივების მენეჯერებსა და წევრებს,  კურსის გავლის შემდეგ, ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელ სერთიფიკატები მიენიჭებათ.

„კოოპერატივის მენეჯერებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოო პროცესების წარმართვის გამოცდილება. ამიტომ, მნიშვნელოვანია   ისინი გაეცნონ კოოპერაციის სამართლებრივ რეგულირებას და შიდასაწარმოო ურთიერთობების წესებს, რაც მათ მისცემს  შესაძლებლობა სწორად დაგეგმონ საქმიანობა და მიიღონ მეტი შემოსავალი.“ -აცხადებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე.

გადამზადების აღნიშნულ ეტაპს წინ უსწერებდა EVOLUXER-ის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით კოოპერატივების მენეჯერებისა და წევრებისთვის ჩატარებული ტრენინგები სხვადასხვა მოდულებში: 410 ინდივიდი  საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით, 888 -კოოპერაციის თემაზე 4 ძირითად მოდულში, 360 კოოპერატივის მენეჯერი და წევრი კი  დასავლეთ საქართველოში  ბიზნეს დაგეგმარების კუთხით გადამზადდა; კოოპერატივის 171 მენეჯერი და წევრი კი თხილის წარმოებისა და პირველადი გადამუშავების მიმართულებით სპეციფიურ ტექნიკურ საკითხებში ჩატარებულ ტრენინგს დაესწრო.

ყველა ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. ENPARD-ის პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება საქართველოში, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge

Languages:
რედაქტორის ნაწილი: