Delegation of the European Union to Georgia

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის განვითარების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას საქართველოში

ბორჯომი, 20/02/2017 - 11:52, UNIQUE ID: 170220_8
Press releases

18-19 თებერვალს ბორჯომში გაიმართა სასწავლო ტური ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. სასწავლო ტურის მიზანი იყო ადგილობრივი განვითარების ახალი ფორმის, ე.წ. ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) საქმიანობის გაცნობა. ღონისძიებამ დაასრულა სასწავლო ტურების სერია, რომელიც განხორციელდა ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. პირველი სასწავლო ტური გაიმართა ლაგოდეხში, 2016 წლის დეკემბერში, ხოლო მეორე ყაზბეგში 2017 წლის თებერვალში.

ბორჯომის სასწავლო ტურში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა წარმომადგენელმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ჯგუფის მუშაობას შეუერთდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის:  ნოდარ კერესელიძე - სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პურველი მოადგილე, ნინო ჯავახაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, და თამაზ მარსაგიშვილი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.

სასწავლო ტური განხორციელდა ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით. მისი ორგანიზატორები იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (CiDA) და ორგანიზაციასთან „მერსი ქორფს“ (Mercy Corps) თანამშრომლობით.

სასწავლო ტურის მონაწილეები შეხვდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს. მათ ასევე მოინახულეს ევროკავშირისა (EU) და „მერსი ქორფს“-ის ხელშეწყობით განხორციელებული მცირე ინიციატივები, რომლებიც სოფლის განვითარებას ემსახურება - ბაკურიანის რაფტინგის კლუბი და ტყის აღდგენის პროექტი წაღვერში.

ბორჯომის განვითარების ჯგუფი დაარსდა 2015 წლის ნოემბერში ევროკავშირის (EU) ხელშეწყობით. ჯგუფის ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირეს ორგანიზაციამ „მერსი ქორფს“ (Mercy Corps), ანგუსის საბჭომ (Angus Council) და ავსტრიის მაღალმთიანი და ნაკლებად მისადგომი ტერიტორიების ფედერალურმა ინსტიტუტმა (Bundesanstalt für Bergbauernfragen). ჯგუფში გაერთიანებულია 25 წევრი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ მუნიციპალურ ცხოვრებაში.

ლაგოდეხი, ყაზბეგი და ბორჯომი საქართველოს პირველი მუნიციპალიტეტებია, სადაც ამოქმედდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG). 2017 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ჩამოყალიბდება კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში - დედოფლისწყაროში, ახალქალაქში, თეთრიწყაროში, ქედასა და ხულოში.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ჩამოყალიბება ეხმიანება საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიას, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2016 წლის დეკემბერში მიიღო.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD ხორციელდება 2013 წლიდან. 2013-2019 წლებისათვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში შეადგენს 102 მილიონ ევროს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, 595 989916, tamar.k@actionprgroup.com

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP-ის კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელი, 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org

  • ეთუნა ცოტნიაშვილი, „სიდას“ კომუნიკაციის მენეჯერი, 599 512215, pr@cida.ge

Languages:
Editorial Sections:

Author