ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები: გამოწვევები და შესაძლებლობები ახალ გლობალურ კონტექსტში

15/01/2017 - 11:35
News stories

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი ქრისტიან დანიელსონის სიტყვა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპული კვლევების ინსტიტუტი

შესაძლოა განსხვავდებოდეს წარმოთქმულისგან.

ქალბატონებო და ბატონებო, პროფესორებო, სტუდენტებო,

გმადლობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემი მოწვევისათვის.

თქვენ ყურადღებას სამ ძირითად საკითხზე გავამახვილებ, რომლებიც დღესდღეობით თითოეულ ჩვენგანს აწუხებს:

  • გამოწვევები რომელთა წინაშეც ვდგავართ ევროპაში;

  • შესაძლებლობები და პოტენციალი, რასაც აღმოსავლეთ პარტნიორობა გვთავაზობს;

  • და განსაკუთრებით, ახალი მამოძრავებელი ძალა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაში.

 

დღეს ევროპას სამი ძირითადი პრიორიტეტი აქვს.

უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური ზრდის აღდგენა; მეორე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრა და მესამე, არსებულ მიგრაციის კრიზისთან გამკლავება.

2008/9 წლებში ევროპამ 1930-იანი წლების შემდეგ არნახული მძიმე ეკონომიკურ კრიზისი განიცადა. მკვეთრად გაიზარდა უმუშევრობა. ზრდის ტემპები დაეცა. ამ უზარმაზარ კრიზისს გადაუდებელი რეაგირება და საფუძვლიანი რეფორმები სჭირდებოდა. მას შემდეგ, მხოლოდ ახლა იჩინა თავი რამდენიმე დადებითმა ტენდენციამ.

რვა წლის შემდეგ, ირლანდიამ მოახერხა დაეძლია მტკივნეული საბანკო კრიზისი. ლატვია გაუმკლავდა ზრდის უარყოფით მაჩვენებელს. საბერძნეთი მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებს ახორციელებს.

ყურადღება გამახვილდა ინოვაციაზე, რათა გაზრდილიყო ინვესტიციების მოცულობა კვლევასა და განვითარებაში. ამას აქვს და კვლავაც შეუნარჩუნდება სასიცოცხლო მნიშვნელობა გლობალურ ეკონომიკაში ევროპის კონკურენტუნარიანობისათვის.

კრიზისის პერიოდში, ევროპა განაგრძობდა ინვესტიციების მოზიდვას საკუთარი ძირითადი ღირებულებებისა და საჯარო ანგარიშვალდებულების ხარჯზე.

მთლიანობაში, ევროკავშირი ზრდას განაგრძობს. გარდა ამისა, ჩვენ კვლავაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ერთიანი ბაზარი გვაქვს.

მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 7%-ს წარმოვადგენთ, მაგრამ ამასთანავე, მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა და სავაჭრო ბლოკი ვართ. მსოფლიოს მშპ-ის და გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 20% ევროკავშირზე მოდის.

დღესდღეობით, მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადის 40% ევროკავშირიდან მოედინება.

უსაფრთხოება გლობალური გამოწვევაა. არსებობს საფრთხის ფართოდ გავრცელებული განცდა. ბრიუსელსა და პარიზში, ბერლინსა და სტამბოლში მომხდარი თავდასხმების საპასუხოდ ჩვენი მოქალაქეები რეაგირებას ითხოვენ. ტერორიზმთან გამკლავება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. აგრეთვე გვესაჭიროება კიბერ-საფრთხეებთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა.

ამჟამად მიგრაცია უმთავრესი საკითხია. მსოფლიოში 64 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია, რომელთაგან 25 მილიონი ლტოლვილია. ხალხი ტოვებს საკუთარ ქვეყანას, განსაკუთრებით სირიას, სომალს, ავღანეთს, და უკეთესი მომავლის ძიებაში ევროპისკენ მიემგზავრება.

ევროკავშირში ბევრს ვმუშაობთ ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ჩვენ მიერ მიღებული ზომები ნელ-ნელა იძლევა შედეგს. ეკონომიკა უკვე იწყებს ძალების მოკრებას. უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია მთელ კონტინენტზე. ამჟამად ყალიბდება მიგრაციისადმი საერთო მიდგომა ევროკავშირის მასშტაბით.

ამ საკითხებთან გამკლავების გზები დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ დავსახავთ სამომავლო პარტნიორობას საქართველოსა და დანარჩენ აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ერთად.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩვენ ურთიერთობაში საკვანძო პლატფორმაა, რომელიც თავს უყრის ევროკავშირის ქვეყნებსა და ჩვენს მეზობლებს აღმოსავლეთით, მათ შორის საქართველოს. ეს პარტნიორობა ეფუძნება ინკლუზიურ მიდგომასა და საერთო დღის წესრიგს.

გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, ერთმანეთის მსგავსია.

მოქალაქეები, მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მასშტაბით, ესწრაფვიან ეკონომიკურ განვითარებასა და გაზრდილ კეთილდღეობას. აღნიშნულის მისაღწევ გზაზე, ექვსივე ქვეყანა ევროკავშირის მსგავსად ერთნაირი გამოწვევების წინაშე დგას სტრუქტურული რეფორმების კუთხით.

მხარს ვუჭერთ ამ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ეკონომიკების გამრავალფეროვნებას და გათანემდროვებას, ისევე როგორც ფინანსურ ინფრასტრუქტურებში არსებული ხარვეზების გამოსწორებას.

ეკონომიკური განვითარების წახალისებაში საკვანძო როლს ასრულებს ქმედითი და კვალიფიციური საჯარო მმართველობის სისტემა. ძლიერი ინსტიტუტებისა და კარგი მმართველობის არსებობა აუცილებელია კორუფციასთან საბრძოლველად. ეს მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის სამსახურის გაწევის საუკეთესო გზაა. ამ თვალსაზრისით, სამოქალაქო საზოგადოებასთან და თავისუფალ მედიასთან ჩართულობის უზრუნველყოფა უაღრესად მნიშვნელოვანია.

დაკავშირებადობას და ენერგოეფექტურობას არანაკლები როლი უჭირავს ეკონომიკურ განვითარებაში. ამ შემთხვევაში ჩვენი ერთობლივი ყურადღება მიმართულია ტრანსპორტისა და ენერგო ქსელების უკეთ ურთიერთდაკავშირებისკენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აგრეთვე ვაყენებთ კონკრეტულ წინადადებებს მობილობისა და ხალხთა შორის კავშირების წასახალისებლად. მნიშვნელოვანია, ერთმანეთს ხშირად გავუზიაროთ გამოცდილება, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი თანამშრომლობიდან გამომდინარე შესაძლებლობათა პოტენციალი და ერთად გავუმკლავდეთ ჩვენ წინაშე წამოჭრილ საერთო გამოწვევებს.

აღნიშნული საკვანძო სფეროების ფარგლებში, ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება მიღწეული წინსვლის შესაფასებლად და სამომავლო გზების დასასახად.

უფრო კონკრეტულად, რას ნიშნავს ეს ჩვენი ურთიერთობისთვის საქართველოსთან?

ჭეშმარიტად მოხიბლული ვარ საქართველოს მტკიცე დამოკიდებულებით რეფორმებისადმი.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს მოაწერა ხელი. ეს იყო და კვლავაც დარჩება ამბიციურ გარდაქმნის გზად საქართველოს საკანონმდებლო, მმართველობის, სასამართლო სისტემებისა და საჯარო მმართველობისთვის.

მისი განხორციელების გავლენა უკვე თვალსაჩინო ხდება.

დღესდღეობით, ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია (მასზე ქვეყნის ვაჭრობის 30%-ზე მეტი მოდის. საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 2015 წელს 16%-ით გაიზარდა).

ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს გააჩნია ვაჭრობისა და ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო წახალისების პოტენციალი.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პირველ წელს მოწმენი გავხდით საქართველოს მზარდი ექსპორტისა ევროკავშირში. მათ შორისაა, ქართული კივი, მოცვი, კაკალი, ნიორი და ღვინო, ასევე სპილენძი და ნავთობპროდუქტები.

საქართველოს უკვე შეუძლია დაიწყოს თაფლის ექსპორტი, ხოლო პირველმა ქართულმა მატყლის ექსპორტმა უკვე მიაღწია გაერთიანებული სამეფოს ბაზარს.

აგრეთვე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში, საქართველომ მიიღო 7000-ზე მეტი ევროპული სტანდარტი ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სფეროებში. ამას შედეგად მოჰყვება უკეთესი პროდუქციის წარმოება არა მხოლოდ საექსპორტო ბაზრისთვის, არამედ ქართველი მომხმარებლებისთვისაც. მაღალი სტანდარტები ასევე ნიშნავს უფრო სუფთა ჰაერს და გაზრდილ უსაფრთხოებას გზებზე.

აქედან მიღებული ეკონომიკური სარგებელი თვალსაჩინოა.

საქართველო საკუთარ ეკონომიკურ მდგრადობას აგებს საკვანძო ეკონომიკური რეფორმების გატარებით, რომლებიც გზას უხსნიან მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების შესაძლებლობას. ევროკავშირი მზად არის ამ კუთხით დაეხმაროს ქართულ ბიზნესს: ევროკავშირის მხარდაჭერის წყალობით ასმა კომპანიამ უკვე მიიღო ტექნიკური ხასიათის რჩევები, რეგიონებში იხსნება ევროკავშირთან ვაჭრობის საინფორმაციო ცენტრები, ხოლო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საკრედიტო ხაზები უზრუნველყოფს ქართული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას.

ჩვენ ასევე ყურადღებით ვეკიდებით საქართველოს მოქალაქეებზე პირდაპირი და დადებითი გავლენის მოხდენის საკითხს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოს ძალისხმევას შეექმნა საჯარო მომსახურებათა წერტილები დიდ ქალაქებს მიღმა.

ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა 30-ზე მეტი საზოგადოებრივი ცენტრი, რომლებშიც ადმინისტრაციულ და სხვა მომსახურებათა მიღებაა შესაძლებელი. შედეგად, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აღარ სჭირდება შორ მანძილზე გამგზავრება პენსიის, პირადობის მოწმობის ან ბიზნესის დაწყების ნებართვის ასაღებად, რაც მათ საქმეს გაცილებით უადვილებს.

აგრეთვე მნიშვნელოვანია გაუმჯობესებული კავშირები. საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე იმყოფება. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და გაზის სამხრეთ დერეფანი ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვან მაგალითებს წარმოადგენს.

უსაფრთხოების მხრივ, ევროკავშირი აფასებს საქართველოს მხარდაჭერას არაერთ სამშვიდობო მისიაში. ასევე ვამაყობთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული სამუშაოთი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის წინადადებას უსაფრთხოების დიალოგის წამოწყების თაობაზე, რომელიც გასულ დეკემბერს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოზე წამოაყენა, მოუთმენლად ველით ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.

უვიზო მიმოსვლის შემოღება მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. როგორც ევროკომისიამ დაადასტურა, საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება. ეს ნამდვილად წარმატებაა.

მოხარული ვარ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წინ მიიწევს და საქართველოს მოქალაქეებს უკვე გაზაფხულიდან ექნებათ შესაძლებლობა ამ დამსახურებული მიღწევით ისარგებლონ.

უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანია გაუმჯობესებული მობილობის უზრუნველსაყოფად. ეს ხელსაყრელი იქნება Erasmus+ პროგრამისთვისაც საქართველოში, რომელსაც არსებობის მანძილზე ყველაზე წარმატებული წელი აქვს. უკვე 1000-ზე მეტმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში ევროკავშირის ქვეყნებში და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტები სარგებლობენ დამყარებული პარტნიორობის რეკორდული რაოდენობით.

თავის მხრივ, უმაღლესი განათლების გაუმჯობესებული ხარისხი ხელს შეუწყობს ჩვენს ძალისხმევას ჩამოვაყალიბოთ უფრო განათლებული და კვალიფიციური სამუშაო ძალა ეკონომიკის შემდგომი გათანამედროვებისა და ზრდის მხარდასაჭერად. დასაქმების უფრო მაღალი მაჩვენებელი, ინოვაციური სამუშაო ადგილები, გაზრდილი საერთაშორისო ვაჭრობა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ სარგებლისა, რასაც ეს ძალისხმევა მოიტანს.

სამომავლოდ, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას წლიურ 100 მილიონ ევროზე მეტით ასოცირების დღის წესრიგისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მეშვეობით.

გასულ დეკემბერს, ევროკავშირი და საქართველო ასევე შეთანხმდნენ მოკლე და საშუალოვადიან პრიორიტეტებზე, რაც გვაძლევს შესაძლებლობას თანამშრომლობა საერთო დღის წესრიგის თანახმად წარვმართოთ.

დასასრულ, ევროკავშირი და საქართველო მხარდამხარ დგანან. რეფორმების მხრივ საქართველოს ძალისხმევა ნათელს ხდის საქართველოს მოქალაქეების მიზანდასახულობას გაუმკლავდეს იმ საკვანძო გამოწვევებს, რომელთა წინაშე ყველანი ვდგავართ. ამ მიზანდასახულობაზე დაყრდნობით, ერთად განვაგრძობთ ევროპული გზის უპირატესობათა მინიჭებას თითოეული ქართველისათვის.

გმადლობთ ყურადღებისთვის.

Languages:
რედაქტორი: