ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში დასაქმების მომსახურების მოდერნიზებას

თბილისი, 31/01/2017 - 10:56, UNIQUE ID: 170131_11
Press releases

დახურვის ღონისძიებით აღინიშნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული წარმატებული დაძმობილების პროექტი, რომლის მიზანი იყო საქართველოში არსებული დასაქმების მომსახურებათა შესაძლებლობების განვითარება უმუშევართათვის სამსახურის პოვნის კუთხით. განმახორციელებელმა პარტნიორებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პროექტის ძირითადი შედეგები წარმოადგინეს.

პროექტის ფარგლებში, დასაქმების პროგრამებისთვის შეიქმნა "მომსახურების ახალი მოდელი". თბილისში გაიხსნა საპილოტე ოფისები და პირველ ექვს თვეში კონსულტაცია გაეწია 2000-მდე ადამიანს, რომელთაგან 49 უკვე დასაქმდა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ამ პერიოდში მიწოდებულ 1405 სამუშაო ადგილს შორის. საპილოტე პროექტიდან მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ უფრო მეტი სამუშაოს მაძიებელი ისარგებლებს დაძმობილების პროექტის შედეგად გაუმჯობესებული დასაქმების მომსახურების ხელმისაწვდომობითა და ხარისხით.

18-თვიანი პროექტის ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, რათა მათ შეძლებოდათ კარგად ორგანიზებული, მაღალი ხარისხის, გენდერულად დაბალანსებული და ხარჯთეფექტიანი მომსახურების მიწოდება სამუშაოს მაძიებლებისა და დამსაქმებლებისათვის. ამასთანავე, სახელმწიფო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა ინსტიტუციონალური რეფორმის გეგმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი – "საქართველოში დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების შესაძლებლობათა განვითარება" – ხორციელდებოდა 2015-2017 წლებში და მისი საერთო ბიუჯეტი შეადგენდა 3.1 მილიონ ლარს (1.1 მილიონი ევრო).

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ ხარისხიანი საჯარო მომსახურების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: "ბოლო გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად კვლავ სამუშაო ადგილები რჩება. ევროკავშირს განზრახული აქვს დაეხმაროს საქართველოს დასაქმების მომსახურებათა მოდერნიზებაში. ამ სფეროში ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა დაეხმარება საქართველოს მეტად საჭირო მხარდაჭერა აღმოუჩინოს სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს".

ზოგადი ინფორმაცია:

ეს დაძმობილების პროექტი წარმოადგენდა საქართველოსთვის ევროკავშირის უფრო ფართო დარგობრივი დახმარების ნაწილს, რომლის მიზანია სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერება დასაქმების მომსახურებათა მიწოდების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევას. დაძმობილების პროექტი არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორში არსებულ ექსპერტულ ცოდნას თანამშრომლობითი საქმიანობის გაძლიერების მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:

ssa.gov.ge

Languages:
რედაქტორის ნაწილი: