ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

გაიხსნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლა

ყვარელი, 31/01/2017 - 09:05, UNIQUE ID: 170131_11
Press releases

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და სამართლის ფაკულტეტების 30-ზე მეტი სტუდენტი ესწრება ზამთრის სკოლას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. ერთკვირიანი სასწავლო კურსის ორგანიზატორია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თამანშრომლობით.

28 იანვარს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გაიმართა ზამთრის სკოლის საზეიმო გახსნა ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში. ღონისძიებას ესწრებოდნენ, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. ზამთრის სკოლის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თამარ ქალდანმა - საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.

ზამთრის სკოლის მიზანია ინფორმაციის გავრცელება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობისა და თანამედროვე მექანიზმების შესახებ. ერთკვირიანი კურსის მსმენელები გაეცნობიან პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ქართულ და საერთაშორისო კანონმდებლობას. ისაუბრებენ, თუ რა სახის ბალანსი უნდა იყოს  დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, და რა გზებითაა შესაძლებელი პირადი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სასწავლო პროგრამის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა დანაშაულის პრევენცია და  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. სტუდენტები შეხვდებიან დარგის მოწინავე ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებს.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს პერსონალურ მონაცემთა დაცვას საქართველოში, როგორც ადამინის უფლებათა დაცვის კულტურის განუყოფელ ნაწილს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროკავშირი (EU) მხარს უჭერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების დანერგვას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, და საზოგადოების ინფორმირებას ადამიანის უფლებათა ამ შედარებით ახალი სფეროს შესახებ.  

პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს აღემატება, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ქეთევან ბოჯგუა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, +995 577 171733, kbojgua@pdp.ge

  • მარიამ გომარელი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, +995 571 52 55 52

  • ელენე ზამთარაძე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, +995 568 999 324   elzamtaradze@tcj.gov.ge

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org

  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 294 3763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu

Languages:
რედაქტორის ნაწილი: