ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების გამოძიებების უნარების გაძლიერებაში

თბილისი, 26/01/2017 - 11:08, UNIQUE ID: 170126_11
Press releases

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი, რომლის მიზანი იყო ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხარდაჭერა, მიღებულ შედეგებს აჯამებს. პროექტის ფარგლებში შემუშავდა საგადასახადო თაღლითობის, გადასახადებთან და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციები. პროექტის დახმარებით გაუმჯობესდა საგამოძიებო სამსახურის შიდა პროცესები.

დღეს გამართულ ღონისძიებაზე ევროკავშირის პროექტმა „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ შეაფასა პროექტის დაწყების თარიღიდან - 2015 წლიდან  მიღებული შედეგები. მომხსენებლებს შორის იყვნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ბადაშვილი, ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი არჩილ ყარაულაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ბ-ნი ვინსენტ რეი, ფინეთის ელჩი საქართველოში, ქ-ნი არია მაკონენი, ასევე  საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები და პროექტში მონაწილე სახელმწიფო უწყებათა უმაღლესი წარმომადგენლები.

პროექტი მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც საგამოძიებო სამსახური საქართველოში ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო ორგანოა. ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტი და ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახური ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისათვის ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების უზრუნველყოფისა და საგადასახადო და ინტელექტუალური საკუთრების დანაშაულების შესახებ საკანონმდებლო და საგამოძიებო კუთხით რეკომენდაციების შემუშავების გზით.

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დაიწყო 2015 წლის მაისში და გრძელდება 2017 წლის თებერვლამდე. ევროკავშირის მიერ 1 230 000 ევროთი დაფინანსებული პროექტი წარმოადგენს საქართველოს საჯარო სფეროში გატარებული რეფორმების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ნაწილს. საჯარო სამსახურების დაძმობილების ინსტრუმენტი წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სამსახურების თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.  

Languages:
რედაქტორის ნაწილი: