Delegation of the European Union to Georgia

ევროკავშირი-საქართველოს მართლმსაჯულების პროგრამის ფარგლებში (EU4Justice) სამი დიდი პროექტი დაიწყო

თბილისი, 19/12/2016 - 09:52, UNIQUE ID: 161219_5
Press releases

ევროკავშირი და საქართველო 10 წელზე მეტია მჭიდროდ თანამშრომლობენ მართლმსაჯულების სფეროში. 2015 წელს, ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა და ერთად განვსაზღვრეთ 2015-2019 წლების პრიორიტეტები ახალი "მართლმსაჯულების პროგრამის" (EU4Justice) ფარგლებში, რომლისთვისაც ევროკავშირმა დამატებით 50 მილიონი ევრო (140 მილონი ლარი) გამოყო.

ხუთშაბათს, ამ პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირმა და საქართველომ სამი დიდი პროექტის განხორციელება დაიწყეს.

ეს სამი პროექტი, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 5 მილიონი ლარია და ორნახევარ წელზეა გაწერილი, შედგება საკონსულტაციო მომსახურებისგან, რასაც კვალიფიციური და გამოცდილი ექსპერტთა ჯგუფები ევროკავშირიდან და საქართველოდან აღმოუჩენენ შესაბამის სამინისტროებს, სასამართლოებს და სხვა სახელმწიფო უწყებებს. პროექტების ძირითად მიზანს საქართველოს მოსახლეობისთვის მართლმსაჯულების ხარისხის და მასზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

უფრო კონკრეტულად, პროექტების მიზანია:

  • სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი

    თითოეული ადამიანისთვის სამართლიანი და დაუყოვნებელი სასამართლო პროცესის უზრუნველყოფა მთელი სასამართლო სისტემის ფარგლებში უკეთესი სტრატეგიული დაგეგმარების მეშვეობით, მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლება, მათი შერჩევისა და დაწინაურების მეთოდების გადახედვა, მართვისა და საქმეთა განაწილებისთვის თანამედროვე ელექტრონული ხელსაწყოების დანერგვა, ეთიკისა და დისციპლინარული ინსტრუმენტების გამოყენების გაუმჯობესება, სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დახვეწა და საკონსტიტუციო სასამართლოს გაძლიერება.

  • სისხლის სამართლის მხარდაჭერის პროექტი

    იუსტიციის სამინისტროს, პროკურორებისა და გამომძიებელთა მხრიდან თანამედროვე მომსახურებების დანერგვა და გამოყენება პოლიტიკის, პრაქტიკის და მართვის მეთოდებისა და მიდგომების გაუმჯობესებით, აგრეთვე, პერსონალის კვალიფიკაციისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მხარდაჭერის პროექტი

    საპატიმროებში მდგომარეობის გაუმჯობესება და როგორც პატიმართა, ასევე პირობით მსჯავრდებულთა სრული სოციალური რეადაპტაციის ხელშეწყობა დარგობრივი სტრატეგიების, პერსონალის კვალიფიკაციის, საპატიმროთა მართვის მეთოდების, რეაბილიტაციისა და სოციალური რეადაპტაციის გაუმჯობესებით, აგრეთვე, ნასამართლევთა და პირობით მსჯავრდებულთათვის არასაპატიმრო რეჟიმის შემოღებით, იმგვარად, რომ დაცული იყოს შესაფერისი წონასწორობა საზოგადოებრივ წესრიგს, უსაფრთხოებსა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვას შორის.

სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა აღნიშნა: "ეს სამი პროექტი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ და რატომ თანამშრომლობენ ევროკავშირი და საქართველო. ჩვენი საერთო მიზანი გახლავთ ხალხისთვის მართლმსაჯულებაზე თანაბარი და სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გვსურს, რომ პოლიცია, გამომძიებლები, პროკურორები და ციხის პერსონალი თითოეულ ადამიანს საქართველოში მოეპყრან სამართლიანად და კანონიერად. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს სტაბილურობისა და დემოკრატიის შენარჩუნებას, აგრეთვე, ხალხისთვის ბიზნესის წარმოებისა და დასაქმების მეტი შესაძლებლობების უზრუნველყოფას. დარწმუნებული ვარ, რომ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექსპერტები საქართველოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც ამ პროექტებში ჩავრთეთ, ხელს შუეწყობენ დასახული მიზნის ეფექტურად მიღწევას".

 

 

Languages:
Editorial Sections:

Author