Delegation of the European Union to Georgia

450 მილიონი ევროს მოცულობის რეკორდული სესხი საქართველოსთვის ტრანსპორტის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში პროექტების მხარდასაჭერად

Tbilisi, 09/12/2016 - 00:00, UNIQUE ID: 161214_11
Press releases

9 დეკემბერს, თბილისში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ხელი მოაწერა 3 სასესხო ხელშეკრულებას: 250 მილიონი ევრო – პრიორიტეტული გზების განახლებისა და ახალი მშენებლობისთვის, 100 მილიონი ევრო მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციისთვის და 100 მილიონი ევრო შუამავლური სესხი როგორც მცირე და საშუალო საწარმოების, ასევე საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიების პროექტების განსახორციელებლად მებაღეობისა და მეღვინეობის სექტორებში. ინვესტიციის მხარდასაჭერად, სესხები დაფარულია ევროკავშირის ყოვლისმომცველი გარანტიით.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, იან ვაპაავურიმ განაცხადა: “საქართველოსთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან რეკორდული მოცულობის სესხის გამოყოფა უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ევროკომისიიდან, ხელს შევუწყობთ მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის განახლებას, გავაფართოებთ საგზაო ქსელს და გავაუმჯობესებთ მის ხარისხს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონების ერთმანეთთან უკეთ დასაკავშირებლად და სავაჭრო შესაძლებლობების გასაზრდელად. აგრეთვე, გავზრდით ფინანსებზე ხელმისაწვდომობას სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართული კომპანიებისთვის ინვესტიციების მხარდასაჭერად ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მოსავლის აღება, სურსათის წარმოება და მარკეტინგი”.

 

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, ბატონმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა: ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოსათვის მნიშვნელოვანი პროექტები ფინანსდება როგორც გზის სექტორში, ენერგეტიკაში, ისე მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში. EIB ასევე მხარს უჭერს კერძო სექტორს. ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობა და მომავალი გეგმები ძალიან დიდი მხარდაჭერაა პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული ოთხპუნქტიანი გეგმის, ინფრასტრუქტურის დაჩქარების და მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით. ქვეყნის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დაჩქარებას. ჩვენ ვავითარებთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ტურიზმის ინფრასტრუქტურას. ვიმედოვნებთ რომ ჩვენი ინვესტიციები გააღვივებს კერძო სექტორის ინტერესს მეტი ინვესტიცია გააკეთოს ქვეყანაში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა აღნიშნა: ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაეხმაროს საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდისათვის საჭირო გარემოს გაუმჯობესებაში. ქვეყნის ბევრ ნაწილში გზებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების საჭიროება დგას. სოფლის მეურნეობას დიდი პოტენციალი გააჩნია საქართველოს ეკონომიკის წინსვლისთვის. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია ქვეყნის მოქალაქეებსა და ქართულ ბიზნესს ხელშესახებ შედეგს მოუტანს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის სახსრებით დაფინანსდება მთავრობის მიერ გამოვლენილი პრიორიტეტული გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, რაც გააუმჯობესებს მოძრაობის თავისუფლებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საგზაო კავშირების მხრივ, კერძოდ, გაფართოებული ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის ნაწილის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მეშვეობით. ეს ხელს შეუწყობს შავი ზღვის პორტების საშუალებით მნიშვნელოვანი კავშირების გაძლიერებას საქართველოს, უკრაინასა და ევროპას შორის, ისევე როგორც კავშირებს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან. პროექტი განსაკუთრებით აქტუალურია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების კონტექსტში, რომელიც აგრეთვე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს უფრო ეფექტური, საიმედო და უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირების განვითარებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სარგებელს მოუტანს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, მათ შორის სასმელი და გამდინარე წყლის ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური გზებისა და საზოგადოებრივი შენობების განახლებისა და რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი სესხი ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეებისთვის ყოველდღიური საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ეს პროგრამა უსაფრთხოს გახდის და გააუმჯობესებს საზოგადოებრივ მომსახურებათა ხარისხს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ენერგოეფექტურობის გაზრდის და წყლის დანაკარგების შემცირების, ადგილობრივი საგზაო ქსელის უსაფრთხოების ამაღლებისა და გამდინარე წყლის უკეთ მართვის მეშვეობით. აგრეთვე, განხორციელებული ინვესტიციები დადებით გავლენას იქონიებს გარემოს დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით.

მებაღეობისა და მეღვინეობის სექტორში ჩართული კომპანიებისათვის გამოყოფილი სესხი  ხელმისაწვდომს გახდის ხელსაყრელი პირობებით გრძელვადიან დაფინანსებას აგრო-სასურსათო ღირებულებით ჯაჭვში ჩართული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის. მისი მიზანია ქართული საწარმოების პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდა თანამედროვე, რესურსების დამზოგველი ტექნოლოგიების დანერგვით ყველა ეტაპზე, დაწყებული მოსავლის მოყვანით და დამთავრებული გადამუშავებით, მარკეტინგითა და ბაზარზე გატანით.

ინვესტიციების მეშვეობით გაუმჯობესდება ხეხილის სანერგე მეურნეობის შესაძლებლობები, მცენარეებისა და მოსავლის შემოწმების დაწესებულებები, შეიცვლება ძველი და არანაყოფიერი ხეხილის ბაღები და ვენახები და დაინერგება გაუმჯობესებული სარწყავი ტექნოლოგიები. აგრეთვე, ინვესტიციები მოიცავს მოსავლის მოწევის შემდგომი დამუშავების, შეფუთვისა და სამაცივრე საწყობების ინფრასტრუქტურის შექმნას. სესხის ათვისების ხელშეწყობა მოხდება ტექნიკური დახმარების საშუალებით, რაც დაფინანსდება ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტით და აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდიდან.

 

პრესის განყოფილების საკონტაქტო ინფორმაცია:

დუშან ონდრეიჩკა, d.ondrejicka@eib.org,

ტელ.: +352 4379 83334 / მობ.: +352 621 459 234

ვებ-გვერდი: www.eib.org/press

Languages:
Рэдакцыйныя раздзелы: