ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოებაზე თანხმობას აცხადებს

5 ოქტომბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) ევროკავშირის საბჭოს სახელით საქარველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკების წარმოების შესახებ თანხმობა განაცხადა. მან დაამტკიცა ევროკომისიის წინადადება, რომელიც სთავაზობს ევროკავშირის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლას და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლას 90 დღის ვადით  ნებისმიერი 180  დღის განმავლობაში. 

ევროკავშირის საბჭო მიიჩნევს, რომ ვიზების ლიბერალიზება საქართველოსთვის ძალაში უნდა შევიდეს იმავე დროს, რა დროსაც ძალაში შევა ,,ვიზების შეჩერების მექანიზმი.“

საბჭოს მიერ მინიჭებული ამ მანდატის საფუძველზე სლოვაკეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროპარლამენტთან.

,,გაითვალისწინა რა საქართველოში ჩატარებული რეფორმები, დღეს ევროკავშირის საბჭომ აჩვენა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების მტკიცე მხარდაჭერა. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას (სლოვაკეთი) სჯერა, რომ სანდო რეფორმების გზა სწორია და მას მხარდაჭერა ესაჭიროება. იმედი გვაქვს, რომ ევროპალამენტი მხარს დაუჭერს პროცესის დასრულებას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ უვიზოდ მიმოსვლა,“ თქვა ევროკავშირში სლოვაკეთის მუდმივმა წარმომადგენელმა და მუდმივმოქმედი წარმომადგენლების კომიტეტის პრეზიდენტმა პეტერ იავორჟიკმა. 

წინაპირობები 

საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის წინადადება 2016 წლის 9 მარტს გამოქვეყნდა.  ევროკომისიის დასკვნის მიხედვით საქართველომ შეასრულა უვიზო მიმოსვლის მინიჭებისთვის აუცილებელი პირობები.

მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი დაამტკიცებს და ოფიციალურად მიიღებს საქართველოსთვის ახალ სავიზო რეჟიმს, მოხდება საქართველოს გადანაცვლება ევროკავშირის რეგულაციის 539/2001 დანართი N 1–დან (იმ ქვეყნების სიიდან, რომლებსაც შენგენის ზონაში შესასვლელად ვიზა ესაჭიროებათ) დანართ N 2–ში (იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ვიზა არ ესაჭიროებათ). ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირის მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმგზავრონ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ იმგზავრონ 90 დღის ვადით  ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.   

ევროკავშირში დღეს მიმდინარე მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებული სიტუაციის  და ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთისა და კოსოვოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ წინადადებების გათვალისწინებით, ასევე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დისკუსიების შედეგად, 2016 წლის 4 მაისს ევროკომისიამ მიიღო გადაწყეტილება ცვლილება შეეტანა რეგულაციაში 539/2001, რითაც მოხდებოდა არსებული ,,ვიზების შეჩერების მექანიზმში“ ცვლილებების შეტანა. 

განახლებული რეგულაციის ძირითადი მიზანია, გააძლიეროს  ,,ვიზების შეჩერების მექანიზმი.“  ამ მექანიზმით ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეძლებენ იმ  გარემოებების შეტყობინებას, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება და ევროკომისიისთვის უფლების მიცემა თავისი ინიციატივით აამოქმედოს შეჩერების მექანიზმი. ასეთ შემთხვევაში ევროკომისია ვალდებული იქნება ანგარიში წარუდგინოს ევროპალამენტსა და ევროკავშირის საბჭოს იმის თაობაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებენ უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნები აუცილებელ კრიტერიუმებს.   

,,ვიზების შეჩერების მექანიზმის“  საფუძვლების ნუსხა გაფართოვდა, მექანიზმის გამოყენება გაადვილდება, რადგან შემჭიდროვდა შეტყობინების ვადები, რომ პროცედურა უფრო სწრაფად  განხორციელდეს.

ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის დისკუსიები  ,,ვიზების შეჩერების მექანიზმის“  შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

იმ დანართების თანახმად, რომლებიც ევროკავშირის შეთანხმებების ოქმებს  ახლავს თან ეს მექანიზმი ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთზე არ ვრცელდება. ევროკავშირის  ამ ორი წევრ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი მათი ეროვნული კანონმდებლობით რეგულირდება.

 

Languages:
რედაქტორის ნაწილი: