საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე „სამი წლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან“
დღეს კიდევ ერთ გამომაფხიზლებელ წლისთავს აღვნიშნავთ - 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სამი ხანგრძლივი წელი გავიდა.
დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ისტორიის გადაწერის მცდელობებს ვხედავთ, მნიშვნელოვანია ნათლად ვიაზრებდეთ 3 წლის წინ ჩვენი თვალწინ რაც მოხდა.
2022 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი, არაპროვოცირებული აგრესიული ომი დაიწყო.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ერთ დღეში არ მომხდარა. საქართველოს მოქალაქეებმა ეს ყველაზე კარგად იციან. ომის ზარები 2008 წლიდან ისმის, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. შემდეგ 2014 წელს რუსეთი დონბასში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა.
სამი წლის წინ, სუვერენულ მეზობელზე სრულმასშტაბიანი თავდასხმით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ნდობა არ შეიძლება. მან არაერთხელ დაარღვია საერთაშორისო კანონი, უგულებელყო საერთაშორისო და ორმხრივი ვალდებულებები, ისევე როგორც საკუთარი მკაფიო ვალდებულებები უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულები რუსეთის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებებით დაცული ადამიანის სიცოცხლის აბსოლუტურ უგულებელყოფას აჩვენებს.
არ შეიძლება შეგვეპაროს ეჭვი, რომ რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების სუვერენული წევრის წინააღმდეგ ნეოკოლონიალურ, იმპერიალისტურ ომს აწარმოებს. და ამასთან ერთად, ის ასევე გლობალურ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს ესხმის თავს.
სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედია. ამიტომ, დღეს ევროკავშირის გზავნილი აქ, ბრიუსელში და გაეროში ნიუ-იორკში ძალიან ნათელია - უკრაინის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი ან ჰუმანიტარული ჟესტი, ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების ინტერესია. დამშვიდება ნიშნავს სამხედრო საფრთხეს უშუალოდ ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.
3 წელზე მეტია, უკრაინელები დაუღალავად იბრძვიან თავიანთი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. მათი სიმამაცის გამო, ომიდან სამი წლის შემდეგ, რუსეთმა თავის მიზნებს ვერ მიაღწია. ამ წლების განმავლობაში უკრაინელები იბრძოდნენ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის.
ევროპაში ეს ძალიან კარგად გვესმის. ჩვენ პირველივე დღიდან უკრაინას გვერდში ვედექით და ასე გავაგრძელებთ მანამ, სანამ საჭირო იქნება. სამი წლის წინ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირმა უკრაინას ჰუმანიტარული, ფინანსური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარების სახით 134 მილიარდი ევრო გამოუყო, რაც ევროკავშირს უკრაინის ყველაზე დიდ მხარდამჭერად აქცევს.
ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას სამართლიანი, ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობის მისაღწევად სიძლიერის პოზიციიდან.
უკრაინას ომში ჩართვა არ აურჩევია. მას უკანონოდ დაესხნენ თავს, უმოწყალო ტაქტიკის გამოყენებით და აიძულეს დაეცვა თავისი ტერიტორია, ხალხი, დამოუკიდებლობა. რუსეთმა დაიწყო ომი და რუსეთს შეუძლია შეაჩეროს იგი ნებისმიერ დროს თავისი ჯარების გაყვანით.
უდავოა, რომ უკრაინას ყველაზე მეტად სურს მშვიდობა.
სწორედ ამიტომ, უკრაინის და ევროპის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს მიღებული უკრაინის და ევროპის ჩართულობის გარეშე.
აშკარაა, რომ რუსეთი შეეცდება გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა უკრაინის პარტნიორებს შორის განხეთქილების შესატანად. რუსეთის ხაფანგში არ უნდა გავებათ. თუ ჩვენ ერთად დავრჩებით, შეგვიძლია უკრაინაში სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას მივაღწიოთ. ეს არის ევროკავშირის ინტერესებში, უკრაინის ინტერესებში, და ასევე საქართველოს ინტერესებში!
ევროკავშირის მხრიდან მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი უკრაინის გვერდში დგომა გავაგრძელოთ. ევროკავშირი სრულად სცემს პატივს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც საქართველოსა და ნებისმიერი სხვა სუვერენული სახელმწიფოს შემთხვევაში. სწორედ ამას აკეთებს ევროკავშირი, მაშინ როდესაც რუსეთი უხეშად ცდილობს საზღვრების გადატანას და მეზობლებზე თავდასხმას. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს.