საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის კომენტარი ღონისძიებაზე „9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ - განხორციელების მონიტორინგი [სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან]“

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან

ძვირფასო პარტნიორებო,

ვამაყობ, რომ დღეს თქვენთან ვარ და მოვისმინე თქვენი შეფასება საქართველოს წინსვლის შესახებ 9 ნაბიჯის განხორციელებასთან დაკავშირებით. ასეთი ღონისძიებები ცხადყოფს, თუ როგორ შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას წვლილი შეიტანოს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში.

საქართველოს ჰყავს აქტიური და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ბევრ ახალგაზრდა ლიდერს, ასევე დარგის ექსპერტებს და გამოცდილ პროფესიონალებს აერთიანებს. თქვენ ხართ ფასეული რესურსი, რომელიც ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა დააფასოს და გამოიყენოს.

სამწუხაროდ, ბოლო დროს ვხედავთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში სულ უფრო რთულ გარემოში უწევს მუშაობა. ვხედავთ ნდობის მზარდ შემცირებას, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ჩართულობის კლებას, რასაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ აგრესიული რიტორიკა ახლავს.

გასულ კვირას ასევე ვნახეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ„ კანონპროექტის დაბრუნება, რომელიც ერთი წლის წინ „უპირობოდ გაიწვიეს“. ევროკავშირმა სწრაფი რეაგირება მოახდინა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერმა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვა.

როგორც იცით, ამჟამად ევროკავშირის პოლიტიკი და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს აქ, თბილისში ვმასპინძლბთ. მათი ვიზიტის განმავლობაში ჩვენ ჩართული ვიყავით დისკუსიებში სხვადასხვა დონეზე, მათ შორის გვქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან, სადაც ჩვენი შეშფოთება გამოვთქვით.

ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველი. ეს ასევე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის არის გადამწყვეტი.

გასული წლის დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები გადადგმება. ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველო სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს, ხოლო ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს. ჩვენ ველით, რომ საქართველო - ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ნაკისრ ვალდებულებებ შეასრულებს.

დრო იწურება, თუ წელს საქართველოს სურს ევროინტეგრაციის პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლა. ამ შემოდგომაზე ევროკომისია კვლავ გამოაქვეყნებს ანგარიშს საქართველოს წინსვლის შესახებ, რომლის საფუძველზეც გააკეთებს რეკომენდაციას, დაიწყოს თუ არა ევროკავშირმა საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ევროკავშირმა ხმამაღლა და ნათლად განაცხადა, რომ მისი კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ საქართველომ დაუყოვნებლად უნდა იმოქმედოს, რომ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელი რეფორმების განხორციელების საშუალებით წინ წავიდეს.

უკვე 5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ 9 ნაბიჯის სახით ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა თუ რა რეფორმები უნდა განახორციელოს საქართველომ.

ფაქტობრივად, ჩვენ უკვე დავიწყეთ საქართველოს შესახებ შემდეგი ანგარიშის შემუშავება ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. გავითვალისწინებთ ხელისუფლების, ოპოზიციის, საერთაშორისო პარტნიორების და რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოების მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციას. გასულ თვეში ჩავატარეთ საჯარო კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან და შეგახსენებთ, რომ ხვალ, 12 აპრილს, თქვენგან წერილობითი ინფორმაციის მიღების ბოლო ვადაა. თქვენი წვლილი ჩვენს მიერ შესამუშავებელ შეფასებაში ფასდაუდებელია და ვიმედოვნებ, რომ თქვენ შემოიტანთ დღეს აქ წარდგენილი ანგარიშის ძირითად ელემენტებს.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი პრეზენტაცია წაახალისებს პოლიტიკურ ლიდერებს, დააბრუნნ საჯარო განხილვები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც 9 ნაბიჯში არის ასახულ.

საბოლოო ჯამში, თქვენზეა დამოკიდებული - საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტო, რომელი მიმართულებით გსურთ რომ თქვენი ქვეყანა წავიდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკური ლიდერები მიიღებენ და განახორციელებენ რეფორმებს, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს; იმ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. და ჩვენ, კიდევ ერთხელ გვექნება მიზეზი ერთად ვიზეიმოთ, როგორც მაშინ, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ნება მიბოძეთ, დავასრულო ჩემი გამოსვლა მადლიერების გამოხატვით იმ მძიმე და ხშირად მამაცი შრომისთვის, რომელსაც, როგორც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრები ასრულებთ.  თქვენს დასკვნებს და რეკომენდაციებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ვითვალისწინებთ. მოუთმენლად ველოდები დღევანდელ დისკუსიას.

მადლობ!