ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ჰენა ვირკუნენის და მაიკლ მაკგრატი, დემოკრატიის, მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში კომისარი კომისარის მაიკლ მაკგრატის ერთობლივი განცხადება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ჰენა ვირკუნენის და მაიკლ მაკგრატი, დემოკრატიის, მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში კომისარი კომისარის მაიკლ მაკგრატის ერთობლივი განცხადება დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

დღეს, დემოკრატიის საერთაშორისო დღეს, კვლავ ვადასტურებთ დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის სასიცოცხლო მნიშვნელობას, ვაღიარებთ, რომ ისინი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და ჩვენი საზოგადოებების ფუნქციონირების საფუძველს წარმოადგენენ.

დემოკრატია მსოფლიოში უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას. ვხედავთ უცხოეთიდან ინფორმაციით მანიპულირების, ჩარევისა და დეზინფორმაციის ზრდას. ეს ძირს უთხრის სანდო ინფორმაციაზე წვდომას, რაც შედეგად დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს. მზარდი პოლარიზაცია დემოკრატიულ დებატებს, მოქალაქეთა ჩართულობას და რთულად მოპოვებულ უფლებებს საფრთხეში აგდებს. ის ასევე საფრთხეს უქმნის მარგინალიზებული ჯგუფების დაცვას. ავტოკრატიული ნარატივები საარჩევნო პროცესების სამართლიანობის მიმართ ნდობის შესუსტებაზეა მიმართული. ძალადობრივი კონფლიქტები  ქვეყნებისა და რეგიონების დესტაბილიზაციას იწვევს და დაუცველობას აღრმავებს. გარდა ამისა, დემოკრატიის მხარდაჭერისთვის გლობალურად გამოყოფილი ბიუჯეტის შემცირება ტოვებს ვაკუუმს, რომლის გამოყენებისთვისაც მზად არიან ავტორიტარული რეჟიმები.

დემოკრატია არის მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი და ჩვენი ევროკავშირის ქვაკუთხედი. ის  ჩვენი საზოგადოებების წინაშე არსებულ გამოწვევებისა და დღევანდელი სამყაროს სირთულეებთან გასამკლავებლად   ყველაზე ლეგიტიმურ და ეფექტიან გზად რჩება. როდესაც ინფორმირებული მოქალაქეები პოლიტიკის ფორმირებაში თავისუფლად ერთვებიან, ყველა იღებს სარგებელს.

მხოლოდ დემოკრატიას შეუძლია უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების დაცვა და პატივისცემა.

დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისა და ხელშეწყობის კვლავ ერთგულნი ვრჩებით, როგორც ეს ჩვენი დამფუძნებელი ხელშეკრულებებითა და საერთაშორისო სამართალით არის გათვალისწინებული. ჩვენ მხარს დავუჭერთ თავისუფალ და პლურალისტურ მედიას, თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესებს და დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას სანდო, ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფის გზით.

ევროკავშირში და მსოფლიოში დემოკრატიის დაცვა უსაფრთხოებისა და ღირებულებების საკითხია; ეს ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს წარმოადგენს.

დემოკრატიის საერთაშორისო დღეს, მოვუწოდებთ მთავრობებს, ორგანიზაციებსა და ცალკეულ ადამიანებს, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვაში შემოგვიერთდნენ. ერთად შეგვიძლია გავუმკლავდეთ ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს და დავიცვათ უსაფრთხო, სტაბილური და ინკლუზიური საზოგადოებები, სადაც ყვავის დემოკრატიული ღირებულებები და მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება.

ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.