ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის კომენტარი საქართველოს შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან

"დღის მეორე ნახევარში, გვქონდა აქტიური დისკუსია საქართველოს შესახებ.

მაისში გამართული საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ ზედიზედ მეორედ, საქართველოში შემაშფოთებელი პოლიტიკური მოვლენები, მათ შორისუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონის მიღება განვიხილეთ.

ვწუხვართ, რომ ოფიციალური აქტორები ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელებენ. საქართველოს უმაღლეს დონიდან მოვისმინეთ ხმები, რომლებიც ჩვენდა გასაკვირად აცხადებდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.

მინდა გარკვევით ვთქვა: არა. არა, ეს კანონი და მის ირგვლივ განვითარებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირს აშორებს. უფრო მკაფიო, ლაკონური ვერ ვიქნები.

ეს საქართველოს ევროკავშირს აშორებს. ამ განცხადებას 27 წევრიდან 26 უჭერს მხარს.

ეს არ არის ერთსულოვნება, მაგრამ ჩვენ სიტუაციის პოლიტიკური შეფასებისთვის ერთიანობა არ გვჭირდება.

გვესმის, რომ ეს დინამიკა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება.

მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დღეს ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს.

შემიძლია ეს უფრო ხმამაღლა ვთქვა, მაგრამ არა უფრო მკაფიოდ: თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს.

პარალელურად ჩვენ გავზრდით სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას. დეზინფორმაციას დავუპირისპირდებით და საარჩევნო პროცესის მხარდაჭერას გავზრდით.

გავავრცელებთ მოსაზრებების ამსახველ დოკუმენტს, გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და საჭიროების შესაბამისად ზომებს მივიღებთ. შევამცირებთ საქართველოსთან პოლიტიკურ კონტაქტებს და კავშირებს. მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას და ევროპული სამშვიდობო ფონდიდან მხარდაჭერის გადახედვას განვიხილავთ.

ეს შეიძლება დაუყოვნებლივ გაკეთდეს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის შესწავლას და შემდგომი გაუარესების შემთხვევაში მეტი ზომების მიღებას განვიხილავთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მოსახლეობის გვერდში ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს დემოკრატიისა და ევროკავშირში საქართველოს მომავლის სასარგებლოდ."

უყურეთ პრეს კონფერენციის ვიდეო ჩანაწერს (ინგლისურად): https://europa.eu/!98q3bw

Remote video URL