ევროკავშირის და UNDP-ის მხარდაჭერით ქართული კომპანია პანდემიის გამოწვევის პასუხად ახალ წარმოებას იწყებს

18.01.2021

 

კომპანია CaucasPack 2007 წელს დაარსდა. მისი საქმიანობის სფერო ერთჯერადი შესაფუთი მასალების წარმოებაა. ამ დარგში საწარმოს საქართველოს ბაზარზე ლიდერის პოზიცია უჭირავს. გარდა ადგილობრივი ბაზრისა, კომპანია პროდუქციის ექსპორტს რეგიონშიც წარმატებით ახორციელებს. კომპანიის წარმოების ხაზი აღჭურვილია უახლესი მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით, რაც ეკოლოგიურად სუფთა და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმოში დასაქმებული არიან პროფესიონალი მუშაკები, რომელთა კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლება მენეჯმენტის უმთავრესი პრიორიტეტია.

2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში მკაცრი რეგულაციები ამოქმედდა, კომპანია, სხვა ბიზნეს ოპერატორების უმრავლესობის მსგავსად, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. როგორც საწარმოს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი ამირან ცერცვაძე ამბობს, ასეთ რთულ ვითარებაშიც კი კომპანიის მიზანი იყო თანამშრომელთა შტატის სრულად შენარჩუნება. ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, Covid-19-ის კრიზისის საპასუხოდ, CaucasPack-ი ახალ წარმოებაზე გადაეწყო, რითაც არამხოლოდ პანდემიის საჭიროებებზე პასუხი, არამედ კომპანიაში დასაქმებული 99 ადამიანის შენარჩუნებაც შეძლო.

„დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს და ვეძებდით გზებს, თუ როგორ შეიძლებოდა გაგვეგრძელებინა ფუნქციონირება. სწორედ ამ პროცესში გაჩნდა იდეა, დაგვემზადებინა სახის დამცავი ფარები და უპირველეს ყოვლისა მიგვეწოდებინა იმ მედპერსონალისთვის, რომელთაც პანდემიის ეპიცენტრში უწევდათ დაუღალავი შრომა“, - ამბობს ამირან ცერცვაძე.

CaucasPack-ი შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის (კლასტერის) წევრია. ბიზნესის ეს გაერთიანება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა. იგი მიზნად ისახავს შესაფუთი მასალების ინდუსტრიისა და მისი წევრების დახმარებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობის გაფართოების გზით. კლასტერი თბილისში, იმერეთსა და კახეთში მოქმედ შესაფუთი მასალების მწარმოებლებს აერთიანებს.

People working in protective clothes

  

People working in protective clothes

2020 წლის დასაწყისში, პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მნიშვნელოვნად შეამცირა გლობალური ეკონომიკის განვითარება, რაც საქართველოზეც აისახა. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის შედეგად ირკვევა, რომ შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის კომპანიების ნახევარზე მეტმა პანდემიის შედეგად შემოსავლების 50% დაკარგა, ხოლო კომპანიების 83% თვლის, რომ პანდემია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მათი ბიზნესისთვის. ამასთან, 88% არ აქვს ბიზნესის შეფერხების დაზღვევა, 58% კი არ გააჩნია საკუთარი ან ალტერნატიული ფინანსური სახსრები კრიზისიდან გამოსასვლელად. ამის გათვალისწინებით, საჭირო გახდა ქართული ბიზნესის ხელშეწყობა და პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლაში დახმარება.

როგორც UNDP-ის პროექტის მენეჯერი, კონსტანტინე ჭანტურია აღნიშნავს, CaucasPack-ის სტრუქტურული გაძლიერება სწორედ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

„კორონავირუსის გავრცელების პირველივე  დღეებში, კომპანია CaucasPack-ი გამოვიდა ინიციატივით, რომ დამცავი ფარები ეწარმოებინა და ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ადამიანებისთვის, მედპერსონალისა და საჯარო მოხელეებისთვის გადაეცა. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, მათ პროდუქტზე მოთხოვნა შეისწავლეს, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ იმ დროისთვის, ამგვარ ფარებზე მოთხოვნა საქართველოს მასშტაბით 40,000 ერთეულზე მეტს შეადგენდა. პროექტის დაკვეთის შესასრულებლად, CaucasPack-მა თავისი საწარმოო ხაზი სრულად გადააწყო და დღეში 1,500-მდე ფარის წარმოება უზრუნველყო. აღნიშნულმა ინიციატივამ და ბაზარზე ქართული წარმოების დამცავი ფარების გამოჩენამ ფასები 30%-მდე შეამცირა, რამაც დამცავი საშუალებები უფრო ხელმისაწვდომი გახადა. გარდა ამისა, შეიქმნა მაღალი ხარისხის დამცავი საშუალებების ადგილობრივი წარმოების პრეცედენტი, რაც მნიშვნელოვანი იყო, როგორც პანდემიასთან ბრძოლის, ასევე პანდემიის დროს ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისა თვალსაზრისით.“

პირველ ეტაპზე, CaucasPack-მა უსასყიდლოდ გადასცა დამცავი ფარები ყველა ძირითად საავადმყოფოს, რომელიც იმ დროისთვის ჩართული იყო კოვიდ პაციენტების მიღება-მკურნალობაში. შემდეგ მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ საწარმოს არსებული რესურსით მისი დაკმაყოფილება პრაქტიკულად  შეუძლებელი გახდა. სწორედ ამ დროს, ევროკავშირმა CaucasPack-ს სრული მატერიალური მხარდაჭერა გამოუცხადა და ამით ათობით ათასი დამცავი ფარის წარმოება და ქვეყნის მასშტაბით გავრცელება უზრუნველყო.

ინიციატივაში ასევე ჩაერთნენ შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები, რომლებმაც, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, ათასობით დამცავი ფარი შეუკვეთეს CaucasPack-ს და შემდეგ საქართველოს მუნიციპალიტეტებში მედპერსონალს, ადგილობრივ საჯარო მოხელეებს და სამოქალაქო აქტივისტებს გადასცეს.       

„პანდემიამ კოლოსალური ზიანი მიაყენა ბიზნესსა და ეკონომიკას, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე გლობალურად. არც ჩვენი კომპანია იყო გამონაკლისი. გაყიდვები დრამატულად შემცირდა და გასული პერიოდის ნიშნულებს დღემდე ვერ დავუბრუნდით. ახალი პროდუქციის წარმოებაზე რომ არ გადავწყობილიყავით, შემცირებული რეალიზაციის ფონზე, კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებოდით. აღნიშნული დახმარების შედეგად,  ორი უმთავრესი რამ შევძელით: პირველი, დამცავი ფარებით აღვჭურვეთ მედპერსონალი, რომელსაც ინფიცირებულებთან უშუალო კონტაქტი უწევდათ, და მეორე, პანდემიით გამოწვეული დანაკარგების მიუხედავად, სრულად შევინარჩუნეთ სამუშაო ადგილები“, - ამბობს ბატონი ამირანი.

People working in protective clothes

  

Protective masks

CaucasPack-ის ინიციატივამ 99 თანამშრომელს სტაბილური სამსახური და შემოსავალი შეუნარჩუნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ ეს პანდემიის პერიოდში შეძლო, როდესაც უამრავი ადამიანი, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, უმუშევარი დარჩა.

CaucasPack-ის თანამშრომელი ეკა სოლომნიშვილი ამბობს, COVID-19-მა დღის წესრიგი შეცვალა და კომპანია ახალი გეგმის შემუშავებისა და  განხორციელების აუცილებლობის წინაშე დააყენა.

„ჩვენი კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯებით არა მარტო სამსახური შევინარჩუნეთ, არამედ უამრავი სამედიცინო დაწესებულება და მედპერსონალი დამცავი საშუალებებით მოვამარაგეთ - ამით თითოეული თანამშრომელი ვამაყობთ. ახლა განსაკუთრებულად მჯერა, რომ რთულ ვითარებაში ჩვენი გუნდი გამოსავალს აუცილებლად იპოვის.“

დღესდღეობით, CaucasPack-ი  სახის დამცავი ფარების რამდენიმე სახეობას აწარმოებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ზაფხულის პერიოდში დამცავ საშუალებებზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის დაწყებასთან ერთად დამცავი ფარები კვლავ მოთხოვნადი პროდუქტი გახდა.

„ჩვენი კომპანიის წარმატებაში თითოეულმა მუშაკმა დიდი წვლილი შეიტანა. მათი სამუშაო ადგილების შენარჩუნება ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს ჩვენს უპირველეს მიზანს წარმოადგენს. ღრმად გვწამს, რომ მსგავსი სირთულეების დაძლევა უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს გუნდს და, როდესაც ამ გლობალურ კრიზისს ყველა ერთად გადავლახავთ, უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარება ამ წარმატების მისაღწევად მეტად მნიშვნელოვანი იყო“ , - ამბობს ამირან ცერცვაძე.

CaucasPack-ი ახლაც აგრძელებს დამცავი ფარების წარმოებას. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საწარმომ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 40,900 დამცავი ფარი დაარიგა. ასევე გრძელდება კომპანიის თანამშრომლობა შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის სხვა წევრ კომპანიებთან, რაც ხელს უწყობს  ამ სექტორის განვითარებას და ახალი ინიციატივებისა და ბიზნეს-პროექტების გამოვლენას.