Delegation of the European Union to Algeria

ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო: ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში განცხადებას ავრცელებს და იწყებს ამ დღესთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ჩატარდება სოციალური მედიის არხების საშუალებით

08/03/2021 - 05:49
News stories

 
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებით სოციალურ მედიაში დაიწყო საინფორმაციო კამპანია  „ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო“, რომელიც მთელი მარტის თვის განმავლობაში გაგრძელდება.
 
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადება:
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. უკვე ორწელიწადნახევარია, რაც ამ ქვეყანაში ვიმყოფები და ჩემზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი პროფესიონალების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაო, იქნებიან ეს ქალი მეწარმეები, ჟურნალისტები, აღმასრულებელი დირექტორები, საზოგადოებრივი ლიდერები, თუ პოლიტიკოსები, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლად.
ქალები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, ან მუშაობენ თავიანთ თემებში პირობების გასაუმჯობესებლად, რომ არაფერი ვთქვათ ბევრად ნაკლებად წარმოჩინებულ სამუშაოზე, რომელსაც ბევრი ქალი ასრულებს სახლში  ბავშვების, თუ მოხუცების მოვლისას.
მათი წვლილი ძალზედ მნიშვნელოვანია და, მაინც, ქალები საშუალოდ მამაკაცებზე გაცემული ანაზღაურების მხოლოდ 2/3-ს გამოიმუშავებენ და ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებულია სახლს გარეთ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ქალი დაუცველია დისკრიმინაციისაგან, ან უარესი, გენდერული ნიშნით ძალადობისგან, რაც ყოვლად დაუშვებელია.
საერთო ჯამში, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ჩემი გზავნილი მარტივია - ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი. დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის გოგონებსა და ქალებს სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს მაქსიმალურად გაძლიერებაში.
სწორედ ეს არის ის გზავნილი, რომელსაც ჩვენი სოციალური მედიის არხების საშუალებით გავაჟღერებთ მარტის თვეში დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში დევიზით  ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო”. ვიმედოვნებთ, რომ თქვენც ისურვებთ ამ დისკუსიაში მონაწილეობას და შემოგვიერთდებით.
მიზანი ნათელია, ისევე როგორც პოტენციალი. ჩვენ უბრალოდ ერთად უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა.
გილოცავთ ქალთა დღეს! „
 
კამპანია „ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო“
აღნიშნული განცხადებით იწყება კამპანია - „ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო“, რომელიც ჩატარდება სოციალური მედიის მეშვეობით. კამპანია ხაზს გაუსვამს იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რომელსაც ქალები ასრულებენ საქართველოში და, ასევე, წარმოაჩენს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშე ისინი კვლავაც დგანან. კამპანია გაგვაცნობს ლიდერ ქალებს, წარმოგვიდგენს თუ როგორ უმკლავდებიან ქალები COVID-19-ით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს, ასევე ხაზს გაუსვამს იმ სირთულეებს, რომლებიც კვლავაც აქტუალურია.
კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, თვალი მიადევნეთ ჩვენი სოციალური მედიის გვერდს: https://www.facebook.com/europeanunioningeorgia, ან ეწვიეთ კამპანიის გვერდს: https://eu4georgia.ge/ka/strongwomenstronggeorgia/
ევროკავშირი დაუღალავად მუშაობს ქალთა უფლებების დასაცავად და მათი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზების ხელშესაწყობად. საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ევროკავშირი მხარს უჭერს  საქართველოში ქალთათვის თანასწორუფლებიანი, ინკლუზიური და უსაფრთხო გარემოს შექმნას, ასევე ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შეწყვეტის ღონისძიებებს. საქართველოსთან თანამშრომლობით ევროკავშირი ხელს უწყობს რეალური ცვლილებების მიღწევას, ბიზნესში ქალთა ჩართულობის გაძლიერების, ხარისხიანი განათლების შესაძლებლობების უზრუნველყოფისა და თანასწორი საზოგადოების მხარდაჭერის გზით.
 
#ძლიერიქალები-ძლიერისაქართველო
Languages: