ევროკავშირი საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერებას უწყობს ხელს (24/02/2009)

საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესის მნიშვნელობის გათვალისწინებით სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერებას ევროკავშირი ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად მიიჩნევს. სწორედ ამ მიზნით გამოუყო ევროკავშირმა 1.4 მილიონი ევრო სახალხო დამცველის სამსახურს ორწლიანი პროგრამისათვის, რომელსაც ახორციელებს ავსტრიული კომპანია “Human Dynamics.” ამასთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატს 12 მსუბუქი ავტომანქანა გადაეცა, რაც არამარტო ცენტრალური აპარატის, არამედ რეგიონული სამსახურების გაძლიერებას დაეხმარება.

24 თებერვალს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა ცერემონიალი, რომლის დროსაც საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ელჩმა პერ ეკლუნდმა ევროკავშირის სახელით 12 მსუბუქი ავტომანქანა გადასცა, რაც ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მობილურობისა და ოპერატიულობის გაზრდას. ავტომანქანების საერთო ღირებულება შეადგენს 21 2750 ევროს.მათი მიწოდება, ევროკავშირთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე, განახორციელა კომპანიამ Kres Autohaus LTD, Iberia Business Group, რომლის პრეზიდენტი ტარიელ ხიჩიკაშვილი მონაწილეობას იღებდა ავტომანქანების გადაცემის ცერემონიალში.

სახალხო დამცველის აპარატისთვის გაწეული დახმარება მრავალმხრივია და მოიცავს როგორც ანალიტიკური განყოფილებების შექმნას, ისე სისხლის სამართლის რეფორმების მონიტორინგისთვის ახალი მიდგომებისა და პროგრამების შემუშავებას; გათვალისწინებულია მონიტორინგის სახელმძღვანელოების შექმნა და ტრეინინგები; აგრეთვე, საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული სამართლებრივი, კრიმინოლოგიური და სხვა საკითხები. პროექტის ფარგლებში შემუშავებული თანამედროვე კომპიუტერიზირებული საქმეთა მართვის სისტემა მნიშვნელოვნად დაეხმარება შიდა წესების, ფორმების, პროცედურებისა და მონაცემთა ბაზის დანერგვას. ის, აგრეთვე, გააძლიერებს შიდა კომუნიკაციების სისტემას სათაო ოფისსა და რეგიონალურ სამსახურებს შორის.
ევროკავშირის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა განხორციელდება 1993 წელს გაეროს მიერ მიღებულ ,,პარიზის პრინციპებთან” სრულ შესაბამისობაში. ,,პარიზის პრინციპების” ექვსი ძირითადი კრიტერიუმია: კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებლობა; ავტონომიურობა ხელისუფლებისაგან; პლურალიზმი, მათ შორის აპარატის თანამშრომელთა შერჩევისას; საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებზე დაფუძნებული ფართო მანდატი; სათანადო რესურსები და გამოძიების სათანადო შესაძლებლობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ :
სახალხო დამცველის ოფისი:
ნინო ერემაშვილი, ინფორმაციის სამმართველოს უფროსი
ელ.ფოსტა: info@ombudsman.ge

იულია იაკობი, პროექტის მენეჯერი
ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში
ელ.ფოსტა Julia.Jacoby@ec.europa.eu
ტელ: 94 37 63