პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო, როგორც კი საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა აღადგინა. ევროკავშირი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს გარდამავალი პერიოდის მძიმე წლებში დაეხმარა. 1995 წელს თბილისში ევროკომისიამ წარმომადგენლობა (დელეგაცია) გახსნა. ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა უფრო ინტენსიური 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ გახდა, როდესაც ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმების მხარდაჭერა.

2014 წლის ივნისში ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად სრულიად ახალი ეტაპზე გადავიდა.  ასოცირების შესახებ შეთანხმება და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) ითვალისწინებენ ევროკავშირთან მoმავალი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას,  პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავებას, საქართველოს დაახლოებას ევროპასთან.

ევროკავშირი და საქართველო ასევე შეთანხმდნენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც განსაზღვრავს განვითარების პრიორიტეტებს 2014-2016 წწ. პერიოდში, ასოცირების შესახებ შეთანხმების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელების გათვალისწინებით. ასოცირების დღის წესრიგი დაეხმარება საქართველოს სრულად ისარგებლოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით, რომლის წინასწარი ნაწილობრივი ამოქმედება (განსაკუთრებით მისი სავაჭრო ნაწილის) 2014 წლის 1 სექტემბერისათვის უკვე დაიწყო. წინასწარი ნაწილობრივი ამოქმედება მისი ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტების მიერ რატიფიცირების პროცედურების დასრულებამდე შეთანხმების უმეტესი ნაწილის ამოქმედების საშუალებას იძლევა.

მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ოფიციალურად დაიწყო  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში / ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა ქეთრინ ეშტონმა ბათუმში, 2010 წლის 15 ივლისს; ისინი დასრულდა 2013 წლის 22 ივლისს. ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე 2013 წლის ნოემბერში, მას ხელი მოეწერა ბრიუსელში 2014 წლის 27 ივნისს, ხოლო 2014 წლის  18 ივლისს  მოხდა მისი რატიფიკაცია  საქართველოს პარლამენტის მიერ. 

საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირის "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" (ENP)შედეგია,  რომელიც 2004 წელს დაიწყო და  რომლის მიზანი იყო გაფართოებული ევროკავშირისა და მისი მეზობლების დაახლოება და ყველა ჩართულ მხარეში კეთილდღეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა. მან ხელი შეუწყო კავშირების ჩამოყალიბებას თანამშრომლობის ახალ სფეროებში და საქართველოს მიზანს, მიეღწია მეტი დაახლოებისათვის ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ სტრუქტურებთან.

2009 წლის გაზაფხულზე უფრო ღრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წამოწყებით, რომელშიც საქართველოს გარდა ასევე მონაწილეობდნენ სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა და უკრაინა,   ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ამ რეგიონის  მნიშვნელობას და იმ  პრივილეგირებულ ურთიერთობებს, რომლებსაც ის სთავაზობდა რეგიონის ქვეყნებს.

ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო დიალოგი 2012 წელს დაიწყო; ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა 2013 წლის დასაწყისში იყო წარმოდგენილი. ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის ანგარიშები გამოქვეყნდა 2013 წლის ნოემბერში, 2014 წლის ოქტომბერში და 2015 წლის მაისში. ევროკომისია შემდეგ ანგარიშს 2015 წლის ბოლოს გამოქვეყნებს.

2005 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქარველოს მიანიჭა პრეფერენციების ზოგადი სისტემით (GSP+) სარგებლობის უფლება. ეს უფლება 2008 წელს გაგრძელდა და ის გაგრძელდება გარდამავალ პერიოდში DCFTA-ს ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში . GSP+ ითვალისწინებს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული საქონლის საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებას და ტარიფების ცალმხრივად შემცირებას.

1990–იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტების შედეგების აღმოფხვრაში და ის განაგრძობს  ამ რეგიონებში პროექტების მხარდაჭერას  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ის ასევე მნიშნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს ძალისხმევებს მრავალი დევნილის სასიცოცხლო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.

2003 წლის ივლისიდან მოყოლებული, ევროკავშირი ნიშნავს ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში (2011 წლიდან - ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში link). ეს არის მაჩვენებელი ევროკავშირის მზადყოფნისა, აქტიურად შეუწყოს ხელი კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და ნდობის აღდგენის ძალისხმევებს სამხრეთ კავკასიაში, და ამავდროულად  კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. სამოქალაქო ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) საქართველოში 2008 წლის ოქტომბერში ამოქმედდა,  ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, რომელმაც დაასრულა აგვისტოს ომი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი გულისხმობს ამ შეთანხმებების მონიტორინგს, კერძოდ  სეპარატისტულ რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიების პატრულირებას.