ლგბტი უფლებები სომხეთსა და საქართველოში თბილისში რეგიონულ კონფერენციაზე განიხილეს (15/06/2016)

ა.წ. 2 ივნისს, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ ჩაატარა რეგიონული კონფერენცია სოლიდარობა თანასწორობისთვის: ლგბტი ადამიანთა უფლებები და მდგომარეობა სომხეთსა და საქართველოში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2015 წელს დაწყებული სამწლიანი პროექტის ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში ფარგლებში განხორციელდა.

რეგიონულ კონფერენციაზე პროექტის განხორციელების პირველი წლის განმავლობაში ჩატარებული ორი ფართომასშტაბიანი კვლევის - სომხეთსა და საქართველოში ჰომო/ბი/ტრანსფობიული დამოკიდებულებებისა და წინასწარგანწყობების შესახებ და ასევე ლგბტი ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ - შედეგების პრეზენტაცია და შესაბამისი თემატური დისკუსიები გაიმართა. დისკუსიები ჰომო/ბი/ტრანსფობიას, როგორც სოციალურ პრობლემას და ასევე სომხეთსა და საქართველოში ლგბტი ადამიანთა მდგომარეობას განიხილავდა.

კონფერენცია გახსნეს ქნ-მა ნინო ლეჟავამ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორმა და ბ-ნმა შტეფენ შთორქმა, საქართველოში ევოკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, ასევე ბ-ნმა უჩა ნანუაშვილმა, საქართველოს სახალხო დამცველმა და ქნ-მა სოფო ჯაფარიძემ, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

მისასალმებელ სიტყვაში, ქ-ნმა ნინო ლეჟავამ ისაუბრა ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ საქარტველოში ლგბტი მოძრაობის ისტორიაში შეტანილ წვლილზე და ასევე მიმოიხილა სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში არსებული საერთო პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა. ბნ-მა შტეფენ შთორქმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის პოლიტიკაში ლგბტი ადამიანთა უფლებების საკვანძო მნიშვნელობას. ბნ-მა უჩა ნანუაშვილმა საქართველოს ანტიდისკრიმინაციულ კანონში არსებული ხარზევების, მათ შორის, აღსრულების მექანიზმის არარსებობის, შესახებ ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა ტრანსგენდერ ადამიანთა მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემატიკას, ლგბტი პირთა მდგომარეობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. ქ-ნმა სოფო ჯაფარიძემ კი საქართველოს რეგულაციებში დადებითი ცვლილებების შესახებ ისაუბრა და ადამიანის უფლებების დაცვის 2016-17 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის გარკვეული დეტალები წარადგინა, მათ შორის კონკრეტული და მიზანმიმართული ღონისძიებები ლგბტი უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

კონფრენციას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, საპარლამენტო პარტიების, საქართველოს პროკურატურის, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის, სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, მრავალი დიპლომატიური მისიის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ქართული და სომხური არასამთავრობო და სათემო, მათ შორის ლგბტი უფლებებზე მომუშავე, ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ განხორციელებული და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის უმთავრეს მიზნებს წარმოადგენს ლგბტი პირთა მიმართ დისკრიმინაციასთან ბრძოლა, ყველა სახის ძალადობისგან მათი დაცვის გაძლიერება, მათთვის ადამიანის უფლებათა ადეკვატური უზრუნველყოფა, და ქართულ და სომხურ საზოგადოებებში მათი სრულფასოვანი ჩართვა. პროექტის მიზანია, პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჰომო/ბი/ტრანსფობიის დაძლევა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, დადებითი მედია ხილვადობის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობის ხელშეწყობა. პროექტის პარტნიორები არიან: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოში და საზოგადოება ძალადობის გარეშე (SWV) და საჯარო ინფორმირება და ცოდნის აუცილებლობა (PINK) სომხეთში.

როგორც სომხეთსა და საქართველოში ჰომო/ბი/ტრანსფობიული დამოკიდებულებების სიღრმისეული კვლევა, ასევე ლგბტი ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის სიტუაციური ანალიზი ჩაუყრის საფუძველს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების  გრძელვადიანი სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.


საკონტაქტო ინფორმაცია:
ანა ნემსიწვერიძე-დანიელს
ტელ.: 577 78 29 55
ელ. ფოსტა: Ana.Nemsitsveridze-Daniels@ge.boell.org